აფხაზეთი

სირიას აფხაზური დელეგაცია დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით სტუმრობდა

0 კომენტარი

სირიაში დედაქალაქ დამასკოში გამართულ საერთაშორისო სამრეწველო გამოფენაში ოკუპირებულმა აფხაზეთმა დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით მიიღო მონაწილეობა. სირიის მმართველმა ელიტამ აფხაზ სეპარატისტთა საგარეო საქმეთა მინისტრს დაურ კოვეს მაღალ დონეზე უმასპინძლა.

საერთაშორისო სამრეწველო გამოფენა დამასკოში პირველად 1954 წელს მოეწყო და მას შემდეგ 2011 წლის კრიზისამდე ყოველწლიურად ტარდებოდა. წელს, 17 აგვისტოს იგი 6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიხსნა და მიუხედავად ამისა, საკმაოდ მასშტაბური გამოდგა. დამასკოს რიგით 59-ე საერთაშორისო ბაზრობაში 23 ქვეყნის დელეგაცია და 20 კომერციული ორგანიზაციებით იყო წარმოდგენილი. დამსწრეებს შორის იყვნენ ირანის, რუსეთის და ჩინეთის წარმომადგენლები, რომლებიც კონფლიქტის დაწყებიდან ასადის მხარეს იდგნენ.

აფხაზური მედია წერს, რომ “აფხაზური დელეგაცია” დამასკოში ხელცარიელი არ ჩასულა და აფხაზმა დიპლომატებმა დამასკოში 16 ტონა მინერალური წყალი - “კოდორი” ჩაიტანეს.

დაურ კოვეს პირადად შეხვდა სირიის პრემიერ-მინისტრი იმად ხასიმი, საგარეო საქმეთა მინისტრი მუალედ ალ-ვალიდი და პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნაჯად ანზორი, რომელიც დაურ კოვემ აფხაზეთში მიიწვია და ამ უკანასკნელმა მოწვევა მიიღო.

შეხვედრებზე განხილული იყო ე.წ. ორმხრივი ურთიერთობების და თანამშრომლობის დამყარებასთან დაკავშირებული საკითხები. საუბარი შეეხო ასევე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური “ორმხრივი ურთიერთობების” დამყარებას, რისთვისაც სირიის მთავრობა სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნას გეგმავს.

ბაშარ ალ-ასადის მთავრობა სირიაში, ისევე როგორც აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლება რუსეთის ინტერესების გამტარებელია. სამთავრობოშორისი შეხვედრები სირიის ხელისუფლებასთან აშკარად აჩენს კითხვას, შესაძლებელი თუ არა სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა?

ამ დროისთვის სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. „აღიარება - ეს პერსპექტივაშია“, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ სირიაში ე.წ. აფხაზეთის დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ამჟამად სირიის ხელისუფლება ცდილობს ქვეყანაზე კონტროლის აღდგენას ოპოზიციურ ძალებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით. ბოლოდროინდელი მოვლენებიდან ნათლად ჩანს, რომ აშშ-ის ძირითად მიზანს აღარ წარმოადგენს ასადის რეჟიმის ცვლა. ამასთან აშშ-ის მიერ მიერ მიღებულ ბოლოდროინდელ კანონში, მკაფიოდ იყო აღნიშნული, რომ აშშ-ის მხარდაჭერას ვერ მიიღებს ვერცერთი სახელმწიფო, რომელიც აღიარებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. შესაბამისად, ამ ეტაპზე სირიის მხრდან, მიუხედავად ასადის რეჟიმზე რუსეთის დიდი გავლენისა, ნაკლებად სავარაუდოა  აფხაზეთის აღიარება. ამასთან, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი სახელმწიფოებიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ. ტუვალუმ და ვანუატუმ, მოგვიანებით, თავიანთი აღიარება უკან წაიღეს.

ოფიციალური თბილისი სირიაში აფხაზური დელეგაციის ვიზიტს ეხმიანება და მას „რუსეთის და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად“ აფასებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით შესაბამისი არხებით შედგა კომუნიკაცი სირიის დიპლომატიურ წარმომადგენლებთა და ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, ალეპოს კრიზისის დროს საქართველოს მთავრობამ 100 000 აშშ დოლარი გამოყო სირიის დასახმარებლად. 2017 წელს კი საქარველოს მთავრობამ გაეროში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ასადის რეჟიმს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.

მანამდე, საქართველოს სირიასთან პირველი კონტაქტი 2010 წელს ჰქონდა, როდესაც იმდროინდელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დახურულ კარს მიღმა ალეპოში ალ-ასადს შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არაღიარების თემა განიხილებოდა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გუბაზ სანიკიძე

კომენტარები