ფიტარეთი

RMG: ფიტარეთში, მონასტრის მომსახურე პირებმა ტექნიკა გვთხოვეს და ვათხოვეთ

საყდრისის დაცვის კომიტეტი

კომპანია RMG Gold-ის მტკიცებით, საყდრისის დაცვის კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიის განცხადებით, მათი საქმიანობა არ ეხება ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს და მის გარშემო ტერიტორიას.

"კომპანია RMG-ი თანამშრომლობს ფიტარეთის მოქმედი სამონასტრო კომპლექსის ოფიციალურ და საეკლესიო პირებთან. ჩვენი თანამშრომლობა შეეხება სამონასტრო კომპლექსის დაცვისა და მასზე მზრუნველობის საკითხებს. ამჯერად, მონასტრის მომსახურე პირებმა მოგვმართეს ტექნიკური დახმარების თხოვნით და ჩვენ მათ მხოლოდ ტექნიკა ვათხოვეთ. შესაბამისად, სამუშაოთა დაგეგმვასა და წარმოებაზე ჩვენი კომპანია არ არის პასუხისმგებელი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნული საკითხის დეტალები კარგად იციან საყდრისის კომიტეტშიც. ამის მიუხედავად კომიტეტის მხრიდან RMG-ს მიმართ, ჩვენი მოსაზრებით, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია" - აცხადებს კომპანია.

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრების მტკიცებით კი, ფიტარეთის მონასტერი RMG Gold-მა დააზიანა. კომიტეტის წევრის ნინო ბურჭულაძის თქმით, 10 დღის წინ, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის დაცვითი ზონის ტერიტორიაზე გამოჩნდა RMG Gold-ის ტრაქტორი და გარკვეული სამუშაოები ჩაატარა. ბურჭულაძის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკის სამუშაოებმა ვიბრაცია გამოიწვია და მონასტრის მარჯვენა გალავანი დააზიანა, "ასევე, ჩამოცვივდა ქვები. დაზიანდა მეცნიერულად შეუსწავლელი ისტორიული ხარო, რომელსაც სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს აკლდამად".

საყდრისის დაცვის კომიტეტმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს მიმართა, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ჩატარებული სამუშაოების კანონიერებით დაინტერესდეს. 

კომენტარები