Game of thrones

"დრაკონი და მგელი" - რა მოხდა GOT-ის მეშვიდე სეზონის ფინალურ ეპიზოდში

HBO


! მასალა შეიცავს დიდი რაოდენობით სპოილერებს ფინალური ეპიზოდიდან

სამეფო კარის თამაშების მე-7 სეზონი სერიალის ყველაზე გრძელი ეპიზოდით დასრულდა. დაძაბულ და დრამატულ სერიაში „დრაკონი და მგელი“ ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც Game of Thrones-ის სამყაროს თამაშის წესებს ცვლის.

დენერის ტარგარიანი და ჯონ სნოუ, როგორც იქნა, დაწყვილდნენ. ბრან სტარკმა და სემუელ ტარლიმ სნოუს წარმომავლობის საიდუმლო ამოხსნეს - ჯონი არა მხოლოდ ტარგარიანი, არამედ კანონიერი ტარგარიანი და რკინის ტახტის მემკვიდრეა. ალბათ ჯონი ისურვებდა, ეს დენერისთან სასიყვარულო ურთიერთობის გაბმამდე ცოდნოდა, მაგრამ პერსონალურ საკითხებს ფინალური შოკისმომგვრელი წუთები აფერმკრთალებს: მკვდრების არმია კედელს არღვევს და შვიდი სამეფოს ტერიტორიაზე გადმოდის.

ამრიგად, Game of Thrones-ის ბოლო, მე-8 სეზონის ფოკუსში დიდი ბრძოლა იქნება - ადამიანები თეთრი მოხეტიალეების წინააღმდეგ. თუმცა, არც ადამიანებს შორის დრამა უნდა მოგვაკლდეს - სერსეი ლანისტერს განზრახული აქვს, პირობა დაარღვიოს და ჯონი და დენერისი ღამის მეფის არმიას შეატოვოს.

უფრო დაწვრილებით გადავავლოთ თვალი ფინალური ეპიზოდის მნიშვნელოვან მოვლენებს:

ყინული და ცეცხლი შეერთდნენ (გემზე)...


ფოტო: HBO

ფანები ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ ვარაუდობდნენ, რომ ყველაფერი ჯონისა და დენერისის რომანტიული ურთიერთიერთობისკენ მიდიოდა. ბოლოს და ბოლოს, წიგნების სერიას სწორედ „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ ჰქვია - სათაური, რომელიც დრაკონებისა და თეთრი მოხეტიალეების ჯახის გარდა, წესით, დენისა და ჯონის ერთად ყოფნასაც მოასწავებდა.

ასეც მოხდა, გემით გრძელი მოგზაურობის დროს, მიუხედავად ჯონის დათქმისა, რომ მსგავსი რამის „დრო არ არის“.

იქნებ სერიალი ჯონის და დენერისის ქორწინებით დასრულდეს, როგორც ვესტეროსის მეფისა და დედოფლის? თუ ეს ზედმეტად ბანალური დასასრულია მარტინისთვის? წინ მთელი სეზონია, ასე რომ, სიყვარულის ეს ისტორია, შესაძლოა, ტრაგიკულადაც დამთავრდეს.

ამასთან, ალბათ ორივე მათგანი მალე შეიტყობს ამბავს, რომელმაც შეიძლება ყველაფერი გაართულოს...

...ჯონის წარმომავლობის ამბავი სრულად შევიტყვეთ


ფოტო: HBO

პირველივე სეზონიდან ჯონს ნედ სტარკის უკანონო შვილად ვიცნობდით. სინამდვილეში, ის არც ნედის შვილია და არც - უკანონო.

ვინთერფელში სემთან საუბრისას ბრანი ყვება ძველ ხილვას: ჯონი ნედის დის, ლიანა სტარკის შვილია.

სერიალის ისტორიაში, ლიანა საკვანძო ფიგურაა რობერტის აჯანყებისას - ომში, რომლის შედეგად ტარგარიანების დინასტია დაემხო და ბარათეონები გამეფდნენ. სტარკები და ბარათეონები ომის დაწყებამდე სწორედ ლიანას სავარაუდო მოტაცებამ გაამძვინვარა. მათ იცოდნენ, რომ ლიანა დენერისის უფროსმა ძმამ, პრინცმა რაეგარ ტარგარიანმა გაიტაცა.

თუმცა, ახალ ხილვაში ბრანი იგებს, რომ რაეგარს სულაც არ გაუტაცია ლიანა - მათ ერთმანეთი უყვარდათ. რაც უფრო მნიშვნელოვანია, როგორც სემი აღწერს, სიყვარული ოფიციალურად გააფორმეს და მალულად დაქორწინდნენ. შემდეგ ვაჟიშვილი, აეგონი, გაუჩნდათ. მშობიარობის შემდეგ, სიკვდილამდე, ბავშვი ლიანამ ნედს გადასცა.

ტარგარიანები ომში დამარცხდნენ, რობერტ ბარათეონმა რაეგარი ბრძოლის ველზე მოკლა და გამეფდა, ბავშვის არსებობა კი ძალზედ სახიფათო გახდა. ნედმა მას ჯონი დაარქვა და ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე საკუთარ უკანონო შვილად გაასაღა.

ამ ამბავმა, შესაძლოა ჯონი და დენერისი გარკვეულწილად დაახლოვოს. მაგალითად, სავარაუდოდ, ეს ნიშნავს, რომ ჯონი დენერისის უმხედრო დრაკონის, რაეგალის, მხედარი გახდება. თუმცა, მოსალოდნელია დაბრკოლებებიც: მაგალითად, შესაძლოა პრობლემატური აღმოჩნდეს იმის გარკვევა, რომ მათ შორის კავშირი ინცესტურია. ჯონს, ალბათ, სულაც არ ესიამოვნება იმის გაგება, რომ დენერისი მამიდამისია.

ამასთან, როგორც ირკვევა, ჯონს უფრო მეტად ეკუთვნის ტახტი, ვიდრე დენერისს. შეიძლება, რომ დენერისმა ეს მისთვის საფრთხედ ჩათვალოს? თითქოს მარტივი იქნებოდა, რომ დაქორწინდნენ და მემკვიდრეობა გააერთიანონ, მაგრამ იქნებ ჯონს სულაც არ მოუნდეს საკუთარ მამიდაზე ქორწინება?.

ამრიგად, ჯონის წარმომავლობის გაცხადება ყველაფერს ართულებს - როგორც პოლიტიკურ, ასევე პერსონალურ დონეზე.

ღამის მეფის მკვდრების არმია შვიდი სამეფოს ტერიტორიაზე გადმოდის


ფოტო: HBO

ჯონს და დენერისს ახლა გაცილებით დიდი პრობლემა აქვთ - თეთრმა მოხეტიალეებმა კედელი შთამბეჭდავი თავდასხმით გაარღვიეს. ჩვენ კი მკვდრების არმია მთელი მისი დიდებულებით (თუ შემზარაობით) ვიხილეთ.

უთვალავი თეთრი მოხეტიალე კედელთან ჩერდება. მაგრამ მასობრივი განადგურების იარაღზე ამხედრებული ღამის მეფე ამ ბარიერს არღვევს - მკვდრეთით აღმდგარი დრაკონი ლურჯი ალით კედლის ნაწილს ანგრევს. ღამის გუშაგებს ისღა დარჩენიათ, უმწეოდ უყურონ, როგორ ლახავს ბარიერს ღამის მეფის არმია.

რა იქნება შემდეგ? ჯონი, დენერისი და მათი ჯარები ჯერ კიდევ შორს არიან სამხრეთით - ისინი ქინგს ლენდინგიდან თეთრი ჰარბორის საპორტო ქალაქისკენ მიცურავენ. სანსა, არია, ბრანი და სემი კი ვინტერფელში არიან, რომელიც უფრო ჩრდილოეთითაა და სავარაუდოდ თავდასხმის სამიზნე იქნება.

ამრიგად, დიდი ბრძოლა ადამიანებსა და თეთრ მოხეტიალეებს შორის იწყება, თუმცა...

სერსეი ანტაგონისტად რჩება


ფოტო: HBO

ზოგის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, სეზონის ბოლოს სერსეი კვლავ აკონტროლებს ქინგს ლენდინგს და მზადაა, ჩაშალოს ჯონისა და დენერისის მცდელობა, გააერთიანოს შვიდი სამეფო საერთო მტრის წინააღმდეგ (თუნდაც ამისთვის ჯეიმის კარგავდეს).

დრამატულ შეხვედრაზე სერსეი ჯონს და დენის პირობას აძლევს, რომ ლანისტერების არმია მათთან ერთად იბრძოლებს. მოგვიანებით კი ჯეიმის უმხელს, რომ მოიტყუა - ის აპირებს, ჯარი მახლობლად დაიტოვოს, ეურონ გრეიჯოი კი ფულის სასეხებლად და მეტი მებრძოლის დასაქირავებლად გაგზავნოს. სერსეის გული სულაც არ დაწყდება, თუ მკვდრების არმია ჯონის და დენის ძალებს გაანადგურებს.

ამრიგად, ჯონს და დენერისს მოუწევთ, ჩრდილოეთის გარდა სამხრეთიდან მომავალ საფრთხესაც გაუმკლავდნენ. თუ იმ გართულებებსაც გავითვალისწინებთ, რასაც ალბათ ჯონის წარმომავლობის გაცხადება გამოიწვევს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სერიალის დასასრული სწორხაზოვანი სულაც არ იქნება.

*მასალა მომზადებულია vox.com-ის სტატიაზე დაყრდნობით

კომენტარები