კახა ოქრიაშვილი

ოცნების დეპუტატი, რომლის კომპანიაც პარლამენტის ავტომობილებს აზღვევს

საქართველოს პარლამენტი

კახა ოქრიაშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი პოლიტიკოსია. წალკა-დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი ქვეყნის უმსხვილეს სააფთიაქო ქსელ PSP-ს ფლობს. მას ასევე ეკუთვნის ჰოლდინგური კომპანია, რომლის შემადგენლობაშიც შედის სადაზღვევო კომპანია და საავადმყოფოები. აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში მილიონობით ლარს იგებენ. ოქრიაშვილი ზედაზენის ლუდის ქარხანასაც ფლობს.

ოქრიაშვილის ერთ-ერთმა კომპანია "PSP დაზღვევამ" წელს საქართველოს პარლამენტის კუთვნილი ავტოპარკის დაზღვევის კონტრაქტი მოიგო, კონტრაქტის ღირებულება 157 ათასია. სახელმწიფო ტენდერების საიტიდან ირკვევა, რომ კომპანია "PSP დაზღვევამ" მოიგო შსს-ს 16.1 მილიონიანი ტენდერი, ასევე 760 ათასიანი ტენდერი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. 

"PSP ფარმას" კი 2011 წლიდან დღემდე 40 მილიონ ლარამდე ტენდერები აქვს მოგებული. 

კახა ოქრიაშვილი აღნიშნული კომპანიებიდან დივიდენდებს იღებს. მისი ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2016 წელს დეპუტატმა "PSP ფარმადან" დივიდენდის სახით 17.4 მილიონი ლარი აიღო.

ამავდროულად ოქრიაშვილი დეპუტატის ხელფასსაც იღებს. გასულ წელს მას დეპუტატობისთვის ბიუჯეტმა 64 ათასი ლარი გადაუხადა.

ოქრიაშვილი პარლამენტში 2004-2008 და 2008-2012 წლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, 2012-2016, 2016-დღემდე კი ოცნების მაჟორიტარია.

ოქრიაშვილი ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია, 2012 წლამდე ის შემოწირულობებს ნაციონალურ მოძრაობას აძლევდა.

კომენტარები