საზოგადოებრივი მაუწყებელი

Modem/Art-მა საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში გაიმარჯვა, თუმცა, ეთერში არ გავა

0 კომენტარი
ფოტო: მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

გადაცემა Modem/Art-მა საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში გაიმარჯვა, თუმცა, ის ეთერში არ გავა. გადაცემის ავტორის თეონა ჯორბენაძის თქმით, "ის, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა იკადრა, არ შეიძლება, უპასუხოდ დარჩეს". ის Facebook-ზე წერს, რომ გუნდთან ერთად, ზაფხულის მანძილზე იმყოფებოდა რამდენიმე შეხვედრაზე, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული განვითარების ცენტრის დირექტორმა პაატა ქურდაძემ მას ფორმატის ცვლილება მოსთხოვა, ასევე, გადაცემის წამყვანად საკუთარი თავი შესთავაზა, საბოლოოდ კი, წერილი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ გადაცემას კონკურსში არასდროს გაუმარჯვია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ადასტურებს, რომ გადაცემა ეთერში არ გავა, თუმცა, მიზეზებზე არ საუბრობს, ხოლო პაატა ქურდაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

გადაცემის ავტორის თეონა ჯორბენაძის ინფორმაციით კი, ვასილ მაღლაფერიძემ გამარჯვებულებს უთხრა, რომ მათთან კონტრაქტები გაფორმდებოდა 1 სექტემბრიდან, ხოლო განახლებული ეთერი დაიწყებოდა 1 იანვარს.

"დაუვიწყარი და სადღესასწაულო „ფორმატისა და შინაარსის დახვეწაზე“ინდივიდუალური შეხვედრები გახლდათ მედიაწარმოების ბლოკის დირექტორ პაატა ქურდაძესთან. პირველად როცა შევხვდი „დასახვეწად“, მითხრა, რომ ჩემი მიმართულების თემის გამოცხადებაზე შეცდომა მოხდა, მან ფრანგულად უთხრა თანაგუნდელებს, რომ საჭიროა გაკეთდეს გადაცემა culture actualité და რადგან არხზე ფრანგული არ იციან, ითარგმნა არასწორად და კონკურსი გამოცხადდა კულტურის სიახლეების მიმოხილვაზე.

რამდენიმე წუთში გავაცნობიერე, რომ ტრაგი-კომედიის ჟანრში მიწევდა მუშაობა, ასევე მივხვდი, რომ საქმე მქონდა „იქ იჯდა პარიზთან“ და უმოკლეს დროში უნდა გამეკეთებინა არჩევანი, „იქ იჯდა თბილისს“ მივწოლოდი თუ აჯობებდა „იქ იჯდა ლონდონი“ შემეთავაზებინა. თანაც ეს შემთხვევა კიდევ უფრო მძიმე იყო, რადგან პარიზში ჯდომას ემატებოდა ტიტრი - პაატა ქურდაძე/მწერალი.

საბოლოოდ, თბილისი და ლონდონი შევაზავე და შეხვედრის დასასრულს გავარკვიე მთავარი, რომ იგი გადაცემის ერთ-ერთ წამყვანად საკუთარ კანდიდატურას მთავაზობდა. პასუხად ყანჩელისეული გრძელი პაუზა და ჯოკონდას ღიმილი მივაგებე და დავემშვიდობე" - წერს ჯორბენაძე და აღნიშნავს, რომ 10 აგვისტოს შეხვედრაზე, მას პაატა ქურდაძემ უთხრა, რომ როგორც გაარკვია, "ბლოკის ხელმძღვანელობას არ ჰქონია გადაცემის წაყვანის უფლება".

ამის შემდეგ, გადაცემის ავტორის თქმით, პაატა ქურდაძემ კვლავ ფორმატის შეცვლა შესთავაზა და უთხრა, რომ 12-კაციანი კომისიის აზრს არ გაითვალისწინებდა და თავად გადაწყვეტდა ერთპიროვნულად. 

დასასრულს მთხოვა აგვისტოს ბოლოსთვის, როდესაც შვებულებიდან დავბუნდებოდი, რამდენიმე გადაცემის თემა და სცენარი წარმედგინა და ასევე სტუდიის ესკიზის საბოლოო სახე... შევთანხმდით, რომ ვხვდებოდით 24-25 აგვისტოს და მანამდე გადმომიგზავნიდა იმ ფრანგული გადაცემების ლინკებს, რომელთა ფორმატიც მოსწონდა...

პაატა ქურდაძის მიერ დაპირებული ლინკების სანაცვლოდ მივიღე ოფიციალური მეილი, რომლის დაუდგენელი ქართულით შედგენილი შინაარსიდან, რაც შესაძლოა კვლავ ფრანგულიდან არასწორი თარგმანის ბრალი იყოს, მხოლოდ ის გავიგე, რომ თურმე ამ კონკურსში ჩემი პროექტი გამარჯვებულ-დამტკიცებულთა შორის არც არასოდეს ყოფილა და ყველაფერი რაც ზემოთ გიამბეთ, უბრალოდ, ჩემი ცრუ ხილვები ყოფილა" - წერს თეონა ჯორბენაძე.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გვერდზე, საუკეთესო გადაცემების სიაში კვლავ არის თეონა ჯორბენაძის Modem/Art. 12-კაციანმა კომისიამ ახალი გადაცემების შერჩევა 21 ივნისს დაასრულა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ემზარ კვიციანი

კომენტარები