ქარიშხალი ჰარვი

ქარიშხალ ჰარვის გამო ჰიუსტონში შესაძლოა ქიმიური ქარხანა აფეთქდეს

ქიმიური ქარხნის სატელიტური სურათი
Google

ქარიშხალ ჰარვის შედეგად დატბორილი ქალაქის მახლობლად მდებარე ქიმიურმა ქარხანამ წარმოება შტორმის დაწყებამდე, გასულ პარასკევს შეწყვიტა, თუმცა წყალდიდობის გამო მას ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდა. დაიტბორა აგრეთვე მისი სათადარიგო გენერატორები, რის გამოც ქარხანაში არსებული ქიმიური ნივთიერებების გაგრილება შეუძლებელი გახდა.

აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით მათ არაფერი შეუძლიათ გააკეთონ აფეთქების შესაჩერებლად. ქარხანა ზეჟანგებს აწარმოებს, რომლებიც ფარმაცევტულ და სამშენებლო მატერიალებში გამოიყენება და მაღალ ტემპერატურებზე საშიში ხდება. მისივე თქმით აფეთქება შექმნის შავ კვამლს რომელიც კანის, თვალების და ფილტვების გაღიზიანებას გამოიწვევს.

ქარხნის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლების აზრით აფეთქებისგან გამოწვეული ხანძრის შეჩერებას ქარხნის ტერიტორიაზევე შეძლებენ, თუმცა უსაფრთხოების მიზნით ქარხნიდან 2.4 კილომეტრის რადიუსზე მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მომსახურე პერსონალმა ტერიტორია სამშაბათს დატოვა. ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ ქარხნის მახობლად ფრენებზე დროებითი აკრძალვა გამოსცა.

უკანასკნელი ინფორმაციით შტორმის შედეგად გარდაცვლილია 33 ადამიანი. სინოპტიკოსების ვარაუდით ტეხასსა და ლუიზიანაში ძლიერი წვიმა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

კომენტარები