ხანძარი ახალციხეში

მღებრიშვილი: თუ ამინდი შეგვიწყობს ხელს, ხანძარი დღის ბოლომდე ლოკალიზებული იქნება

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ახალციხეში ხანძრის ლოკალიზებას დღის ბოლომდე მოახერხებენ. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ცეცხლის ღია კერები ფაქტობრივად უკვა ჩააქრეს და ამინდის ხელშეწყობის შემთხვევაში დღის ბოლომდე ხანძრის სრულად ლოკალიზება იქნება შესაძლებელი. 

"ყველა ღია ცეცხლის კერა ფაქტიურად არის ჩამქრალი. ძალიან ეფექტურად მუშაობს ავიაცია და, რაღა თქმა უნდა, ცოცხალი ძალა. ჩვენ გვაქვს აწყობილი სრულად კავშირგაბმულობა. პირდაპირი კავშირი აქვთ ხმელეთიდან ავიაციასთან, ვერტმფრენებთან, რომელსაც კონკრეტულ კოორდინატებს აძლევენ, თუ სად უნდა დაისხას წყალი. საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ. დღის ბოლომდე, მე ვფიქრობ თუკი ამინდი შეგვიწყობს ხელს, ხანძარი ფაქტიურად ლოკალიზებული იქნება. 5 ვერტმფრენი მუშაობს უკვე და  ასევე ჩაერთვება სულ მალე უკრაინული თითმფრინავიც. ცოცხალი ძალა დაახლოებით 1500 კაცამდე არის მობილიზებული. 1200 აქედან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, დანარჩენი მოხალისეები." - ამბობს მღებრიშვილი. 

ახალციხეში ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა. ქარისა და ადგილის მიუდგომლობის გამო ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ქართულ დანაყოფებთან ერთად, მეზობელი ქვეყნების ავიაციაც არის ჩართული.

კომენტარები