ოთარ აბესაძის საქმე

თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

Oto Sbesadze/Fb.com

თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, ოთარ აბესაძე, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა, ბრალდების მხარე კი ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა და საფუძვლად მოწმეებზე შესაძლო ზეწოლას ასახელებდა. მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და აბესაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

„არცერთი არგუმენტი არ იყო დასაბუთებული, ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლომ ასეთ ტიპის გადაწვეტილება მიიღო, მაშინ როდესაც სასამართლო თავად ადგენს სტანდარტებს და საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად განმარტავს, რომ არ შეიძლება, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას ჰქონდეს სადამსჯელო ხასიათი. ის არის პრევენციული ხასიათის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ბრალდებული არ მიიმალოს." - ამბობს ადვოკატი ირმა ჭკადუა.

„სასამართლო პროცესზე დასაკითხია მოწმეები, რომელთა უმრავლესობასთან ბრალდებულს აკავშირებს ნაცნობობა.”- ამბობს პროკურორი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა. მას გამოძიება 3000 აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის მოთხოვნას და აღებას ედავება. აბესაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები