საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზმაუ: აღმასრულებელმა საბჭომ Modem/Art-ს წარმოებაში ჩაშვების რეკომენდაცია არ მისცა

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, აღმასრულებელმა საბჭომ გადაცემა Modem/Art-ს წარმოებაში ჩაშვების რეკომენდაცია არ მისცა. აღმასრულებელი საბჭო გენერალური დირექტორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოა, რომლის რეკომენდაციასაც გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე უცვლელად იზიარებს. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გვერდზე, საუკეთესო გადაცემების სიაში კვლავ არის თეონა ჯორბენაძის Modem/Art.

"3 აპრილს ახალი საეთერო სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შემოსული პროექტები შეაფასა, შეარჩია და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებულმა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისგან, ასევე მოწვეული სპეციალისტებისგან.

კომისიამ ასევე ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, გაეცა რეკომენდაცია, რომ წარმოებაში ჩაშვების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებამდე, შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც დამატებით იმუშავებდა პროექტის ავტორებთან ერთად, პროექტების რეალიზაციის ტექნიკურ შესაძლებლობებზე, ფორმატების დახვეწაზე ბადესთან თავსებადობის კუთხით, პროექტების ვიზუალური მხარის და დიზაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთიან ვიზუალურ კონცეფციასთან თავსებადობის ნაწილში.

აღმასრულებელი საბჭოს მიერ პროექტების - „Modem/Art“, „სუპერ გმირი“ და „ოკულარი“ განხილვის შემდეგ, აღნიშნულ გადაცემებს ამ ეტაპზე არ მიეცა რეკომენდაცია შემდგომი წარმოების პროცესის განსახორციელებლად" - აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებელი და აღნიშნავს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების წარმოებაში ჩაშვების თაობაზე მსჯელობისას განხილული იყო შემდეგი საკითხები: 

Modem/Art

პროექტის თავდაპირველ კონცეფციასთან შესაბამისობა, ყველა იმ ელემენტის რეალიზაციის შესაძლებლობა, რომელსაც ითვალისწინებდა თავად პროექტი, განხორციელების შესაძლებლობები, როგორც ტექნიკური, ასევე სხვა სახის რესურსების მოცულობის თვალსაზრისით, პროექტის თავსებადობა ბადესთან და მისი ელემენტების შესაბამისობა მოქმედ სარეკლამო/სასპონსორო სამართლებრივ რეგულაციებთან.

სუპერ გმირი

- პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ლოკაციის - სტუდიის გამოყოფას ამ ეტაპზე საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს ყველა იმ მიმდინარე ცვლილებების - ინფრასტრუქტურული ცვლილებების, ტექნიკური გადაიარაღების გეგმის რეალიზაციის მსვლელობის და ა. შ. გამო, რაც ზღუდავს მაუწყებლის ტექნიკურ რესურსებს.

ოკულარი 

- ცალკეული ელემენტების საზოგადოებრივი მაუწყებლის განახლებულ ვებ-გვერდზე არსებულ კონტენტში ინტეგრირების შესაძლებლობაზე და მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ ეტაპზე არ განიხილება პროექტ „ოკულარი“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებპლატფორმისთვის გარდაქმნის საკითხი. 

გადაცემა Modem/Art-ის ავტორის თეონა ჯორბენაძის თქმით კი, "რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა იკადრა, არ შეიძლება, უპასუხოდ დარჩეს". ის Facebook-ზე წერს, რომ გუნდთან ერთად, ზაფხულის მანძილზე იმყოფებოდა რამდენიმე შეხვედრაზე, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული განვითარების ცენტრის დირექტორმა პაატა ქურდაძემ მას ფორმატის ცვლილება მოსთხოვა, ასევე, გადაცემის წამყვანად საკუთარი თავი შესთავაზა, საბოლოოდ კი, წერილი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ გადაცემას კონკურსში არასდროს გაუმარჯვია.

გადაცემის ავტორის ინფორმაციითვე, ვასილ მაღლაფერიძემ გამარჯვებულებს უთხრა, რომ მათთან კონტრაქტები გაფორმდებოდა 1 სექტემბრიდან, ხოლო განახლებული ეთერი დაიწყებოდა 1 იანვარს.

კომენტარები