საკონსტიტუციო ცვლილებები

უმრავლესობა: ოპოზიციას კონსენსუსი არ სურს, საკონსტიტუციო ცვლილებებს დავამტკიცებთ

სასჯელაღსრულების სამინისტრო

საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის არარსებობა ოპოზიციის თვითმიზანი იყო. მმართველი გუნდის განცხადებით, საშემოდგომო სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობა დაამტკიცებს კონსტიტუციის პროექტის ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით. ქართული ოცნების მტკიცებით, კონსტიტუციური კანონი არ შეიცავს არცერთ ნორმას, რომელიც აუმჯობესებს მმართველი პარტიის სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს.

"ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებები გამორიცხავს საქართველოში ყოველგვარი ავტოკრატიის ჩამოყალიბებას გრძელვადიან პერსპექტივაში. კონსტიტუციური კანონის ყველა საკვანძო ნორმა სრულად ამოქმედდება 2020 წლის ნოემბერში.

საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო ფართო კონსენსუსის მისაღწევად, „ქართულმა ოცნებამ“, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დასრულებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღების შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოხატა დიალოგის განახლების მზადყოფნა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა თხოვნით, მოეწოდებინათ იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. საკითხების ამგვარი ჩამონათვალი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს მისცემდა უმრავლესობის წევრებთან კონსტულტაციების გავლისა და კონსტიტუციურ კანონში შესატან ცვლილებებზე პოზიციების შეჯერების შესაძლებლობას. ამგვარი შეთანხმება, თავის მხრივ, უნდა გამხდარიყო ოპოზიციასთან დიალოგის წარმატებით დასრულების საფუძველი.

თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო უმრავლესობას არ გასცეს პასუხი კითხვას, რა შემთხვევაში დაუჭერდნენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამის ნაცვლად, პასუხად, ოპოზიციამ წარმოადგინა რამდენიმე ულტიმატუმი, და ისიც საპარლამენტო უმრავლესობასთან დიალოგის განახლების წინაპირობად" - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობა და აღნიშნავს, რომ "ოპოზიციური პარტიების ამგვარმა კონტრპროდუქტიულმა ქმედებებმა შეუძლებელი გახადა კონსულტაციების გამართვა და შესაბამისად, დიალოგის განახლება საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის". ქართული ოცნების შეფასებით, "ოპოზიციის მოქმედებამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ კონსენსუსის არარსებობა ოპოზიციის თვითმიზანი იყო".

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, ოპოზიციამ საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში დიალოგის პროცესი და კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვამ აზრი დაკარგა.

"აღნიშნული შედეგი მით უფრო სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიამ გამოავლინა განსაკუთრებული გულისხმიერება საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის მიმართ და ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კონსენსუსის მისაღწევად სტრასბურგში საგანგებო კონსულტაციების მასპინძლობა და მოდერირება შესთავაზა. საპარლამენტო უმრავლესობა მადლობას უხდის ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის მხარდაჭერისთვის.

საშემოდგომო სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობა დაამტკიცებს საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით. საკონსტიტუციო რეფორმის დასრულების საფუძველზე, საქართველოს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად, ექნება იმგვარი კონსტიტუცია, რომელიც გამორიცხავს ქვეყანაში ყოველგვარი ავტოკრატიის ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას" - ნათქვამია საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებაში.

ცნობისთვის, 22 აგვისტოს, 11-მა ოპოზიციურმა პარტიამ უმრავლესობას წერილით მიმართა. ოპოზიციის შეფასებით, მმართველი გუნდი ცდილობს, გვერდი აუაროს მათ პოზიციას. პარტიები მიიჩნევდნენ, რომ "კონსენსუსის მიღწევისათვის დიალოგის დასაწყებად აუცილებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაუბრუნდეს საკონსტიტუციო რეფორმის დაწყებისას მისსავე შემოთავაზებულ მოცემულობას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით, მანდატების სამართლიანი გადანაწილების პრინციპით. ამასთან, ოპოზიციისთვის არსებითია პრეზიდენტის საყოველთაო, პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება. თუმცა, აღნიშნული საკითხის განსაზღვრა შესაძლებელად მიგვაჩნია პლებისციტის მეშვეობით".

კომენტარები