ურთიერთობები

რატომ ექცევიან ნარცისები მათ ცუდად, ვინც უყვართ?

ზოგიერთი ადამიანი ნარცისთან ურთიერთობას დაბნეული, ან ტრავმირებული ამთავრებს. ცხოვრებაში ბევრი რამეა რთულად გასაგები, ერთ-ერთი კი ისაა, რატომ შეიძლება ცუდად მოგექცეთ ადამიანი, რომელსაც ამავდროულად მართლა უყვარხართ/უყვარდით. რატომ შეუძლიათ, ნებით თუ უნებლიედ, მოგაყენოთ შეურაცხყოფა, თავი ცუდად, დამცირებულად ან უხერხულად გაგრძნობინოთ. ჩნდება კითხვები - რა შემეშალა, როგორ შემიძლია, სხვას ვენდო? რატომ ვერ მივხვდი, როგორ ადამიანთან მქონდა საქმე?

როდესაც ნარცისებზე ვსაუბრობთ, არ ვგულისხმობთ უბრალოდ საკუთარი თავით გატაცებულ ან აღფრთოვანებულ ადამიანებს. ნარცისიზმი, რომელზეც ამ სტატიაშია საუბარი, პიროვნული აშლილობის ერთ-ერთი და მწვავედ გამოხატული ფორმაა, რომელსაც ზოგჯერ ადამიანები პრობლემად სრულებითაც არ მიიჩნევენ.

კარგი ამბავი, თუკი ნარცისთან გაქვთ ურთიერთობა, ისაა, რომ მათი ქცევების წინასწარმეტყველება რთული არაა - ჩვევები ურთიერთობებში გამუდმებით მეორდება. თან, ამას ადამიანები რთულად მალავენ. ნარცისის ამოცნობა დაკვირვებული ადამიანისთვის იოლია. დააკვირდით ურთიერთობის ყველა ეტაპს და ამას დაინახავთ.

რატომ არიან ნარცისები მიდრეკილი, რომ ცუდად მოგექცნენ?

უჭირთ ემოციური ემპათია

ხშირად ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ემოციური და ინტელექტუალური ემპათია სხვადასხვა რამეა. ემოციური ემპათიისას, ადამიანს სხვისი ტკივილის გაგება შეუძლია და ნაწილობრივ თავადაც განიცდის ამ ტკივილს.

ნარცისს შესაძლოა განვითარებული ჰქონდეს ინტელექტუალური ემპათია - ესმოდეს, რომ ტკივილს გაყენებთ, მაგრამ ეს მას დიდ დისკომფორტს არ უქმნიდეს.

უჭირთ ადამიანების მიღება ისეთის, როგორებიც არიან - კარგი და ცუდი თვისებების ერთობლიობით

ჯანსაღ ურთიერთობაში ადამიანი იღებს, რომ მეორე ადამიანი შორსაა სრულყოფილებისგან და მაინც აფასებს მასკარგი თვისებების გამო. მათ ასევე აქვთ უნარი, ისევ მოსწონდეთ და უყვარდეთ მეორე ადამიანი, როდესაც გაბრაზებულები, იმედგაცრუებულები, ფრუსტრირებულები ან გულნატკენები არიან. ნარცისებს ეს უნარი აკლიათ და პარტნიორის კონტროლისკენ აქვთ მიდრეკილება.

ნარცისთან ურთიერთობის პრობლემების სამი ეტაპი

მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ნარცისი მოთამაშეა და მაინდამაინც არ ეძებს ხანგრძლივ ურთიერთობებს, ბევრ მათგანს ნამდვილად უნდება ერთ პარტნიორთან ხანგრძლივ ურთიერთობაში ყოფნა და დაქორწინებაც.

თუმცა, მათ ურთიერთობებთან მიმართებაში მთელი რიგი არარეალისტური მოლოდინები და აღქმები აქვთ 

მაგალითად, ისინი შემდეგნაირად გხედავენ:

შესანიშნავი - რაც მათ სიამოვნებთ იმ წუთას

ნაკლოვანი - რამე ისეთს აკეთებთ, რაც მათ არ სიამოვნებთ

ამიტომ, იდეალური ურთიერთობის ნაცვლად, პრობლემების სპირალში ეშვებიან განმეორებითად

პირველი ეტაპი: ჯადოსნური არსების დევნა

თავიდანვე ძლიერი ემოციური დამოკიდებულება უვითარდებათ თქვენს მიმართ. მოსწონთ ყველაფერი - ნაკლიც. ყველაფერს აკეთებენ თქვენი გულის მოსაგებად, ხდებიან რომანტიკულები, გაქცევენ ყურადღებას და გექცევიან ძალიან კარგად. თუმცა, ისინი ექსტრემისტები არიან, საშუალოდ არაფერი გამოსდით. როგორც კი გაქცევას შეწყვეტთ მისგან, ინტერესს მალე კარგავენ. შესაბამისად, მათი ქცევებიც იცვლება. ჩვეულებრივ, ყველა წინა პარტნიორს მათთვის იმედი აქვს გაცრუებული.

მეორე ეტაპი:პროექტი

ურთიერთობის იმ ეტაპზე, როდესაც მისგან აღარ გარბიხართ, ნარცისები თქვენი უფროდაუფრო მეტი ნაკლის შემჩნევას იწყებენ. ისინი გთავაზობენ გზებს, თუ როგორ უნდა შეიცვალოთ „თქვენივე თავისთვის“. ერთგვარი პროექტი ხართ, რომ მისი მოსაწონი ადამიანი გახდეთ. წინააღმდეგობა მათ ნერვებს უშლის.

მესამე ეტაპი: ცუდად მოქცევის ჩვევაში გადაზრდა

ერთ დღესაც აღმოაჩენთ, რომ კომპლიმენტები და თქვენით აღფრთოვანება მორჩა და მხოლოდ კრიტიკას ისმენთ. ნელ-ნელა კრიტიკის თავაზიანი და ფრთხილი ფორმა უხეშ პირდაპირობაში გადავა. შესაძლოა, ამ კრიტიკას არც სხვების თანდასწრებით მოერიდოს. ეს ყველაფერი თქვენგან ჩხუბში და ტირილში გადაიზრდება.

დასკვნა:

მას შემდეგ, რაც უკვე ამოიცნობთ ნარცისს, ის, ცხადია, მაინც შეიძლება, შეგიყვარდეთ. ამის შემდეგ თქვენს თავს უნდა კითხოთ, რა დონემდე ხართ ცუდად მოქცევის მიმღები? თუკი ფიქრობთ, რომ ამისთვის მზად სრულებით არ ხართ, სჯობს, დაიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ ამ ურთიერთობაში ღრმად არ შეხვიდეთ.

მომზადებულია დოქტორ ელინორ გრინბერგის სტატიის მიხედვით Psychology Today-ზე.

გრინბერგი ნიუ-იორკში დაფუძნებული ლიცენზირებული ფსიქოლოგია

კომენტარები