ტურიზმი

8 თვეში 5 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა - ქვეყნები საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოდის

ბათუმი
georgia.travel

2017 წლის პირველ რვა თვეში საქართველოში 5 მილიონი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 18.9%-ით მეტია. ამ პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტორი აზერბაიჯანიდან (+10.4%), სომხეთიდან (+16%) და რუსეთიდან (+34%) შემოვიდა. ტურიზმის მხრივ ყველაზე აქტიური თვე აგვისტო იყო, ამ პერიოდში საქართველოში 1.08 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც თვის განმავლობაში მილიონზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა.

ქვეყნების რეიტინგი ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება:

  1. აზერბაიჯანი - 1.14 მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 10%
  2. სომხეთი - 1.1 მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 16%
  3. რუსეთი - 955 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 34%
  4. თურქეთი - 813 ათასი ვიზიტორი, კლება წინა წელთან 6%
  5. ირანი - 220 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 141%
  6. უკრაინა - 135 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 15%
  7. ისრაელი - 84 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 39%
  8. საუდის არაბეთი - 46 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 196%
  9. ყაზახეთი - 42 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 16.7%
  10. პოლონეთი - 37 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 20%

რამდენი იყო ამ ვიზიტორებიდან ტურისტი

ამ 5 მილიონი ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 2.4 მილიონი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 29%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალნონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

ტურიზმის სექტორის შემოსავლები

2017 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლებმა $1.1 მილიარდი შეადგინა, რაც 26%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

2016 წლის მონაცემებით. შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს $2.2 მილიარდ დოლარს (ზრდა +11.9%), რაც $230 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ მაჩვენებლით ტურიზმზე ქვეყნის მთლიანი ეკონომიკის 7.1% მოდის.

სასტუმროების სტატისტიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2016 წლისთვის ბოლოსთვის 1.7 ათასი სასტუმროა რეგისტრირებული, ამ სატსუმროებში არსებული საწოლების რაოდენობა კი 57 ათასია. რეგიონების მიხედვით, თბილისი ლიდერობს, მასში 14.8 ათასი საწოლი ადგილია, აჭარის სასტუმროებში კი 11.6 ათასი საწოლია.

ტურიზმის სტატისტიკა წლების მიხედვით:

2007-დან 2013 წლის ჩათვლით საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა საშუალოდ 30%-ს შეადგენდა, აქედან ყველაზე მაღალი - 56%-იანი ზრდა 2012 წელს იყო. 2013 წელს ზრდამ 21% შეადგინა, 2014 წელს კი სავიზო რეგულაციების დაწესების გამო ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან მხოლოდ 2.3% შეადგინა. ზრდის ტემპი მცირედით გაუმჯობესდა 2015 წელს და ის 7% გახდა. 2016 წელს კი ზრდა 7.6% იყო.

კომენტარები