მეხსიერება

რატომ გვავიწყდება ადამიანების სახელები - ფსიქოლოგების ახსნა

0 კომენტარი

ადამიანებს ძალიან კარგად ამახსოვრდებათ სხვა ადამიანების სახეები. ამას დიდწილად ევოლუცია ხსნის. ტვინშიც სპეციალური მექანიზმი გვაქვს, რომელიც სახის ნაკვთებს აღიქვამს. სახეებს კარგად ცნობს ზოგიერთი ცხოველიც.

იმავეს ვერ ვიტყვით სახელების დამახსოვრებაზე. ფსიქოლოგებმა ლიზ აბრამსმა და დენიელ დევისმა ეს კომპლექსურად იკვლიეს. პირველ რიგში, მათ 4 მიზეზი გამოყვეს, რითაც სახელები სხვა სიტყვებისგან განსხვავდება.

  • სახელები პირობითია - ვაშლი ყოველთვის ვაშლია. თქვენი მეგობარი ნოდარის სახელზე ამას ვერ ვიტყვით.
  • სახელებს სინონიმები არ აქვს
  • სახელი და გვარი უმეტესად სულ მცირე ორი სიტყვაა, შესაბამისად მისი დამახსოვრება ერთი სიტყვის დამახსოვრებაზე რთულია
  • სახელები და გვარები ერთად იშვიათად გამოყენებული სიტყვათა კომბინაციაა - მიუხედავად იმისა, რომ სახელი გიორგი და გვარი ბერიძე ხშირად გაგიგიათ, ერთად გიორგი ბერიძეს ისეთი სიხშირით მაინც არ ამბობთ, როგორც სიტყვას წყალი ან სახლი.

რომ შევაჯამოთ, სახელის და გვარის დავიწყება იგივეა, რაც უბრალოდ სიტყვების დავიწყება. ხშირად ისეც ხდება, როდესაც ორ შორეულ ნაცნობზე გვიყვებიან, მაგალითად, გვეუბნებიან, რომ თიკო დაქორწინდა, მარიამი კი დააწინაურეს, ჩვენ სახელები გვერევა და ერთის სახეს მეორეს მივაწერთ. ეს უკვე არა მეხსიერების, არამედ აღქმის/გაგების პრობლემაა. ამას მოსეს ილუზიასაც ეძახიან. კითხვაზე, რამდენი ცხოველი აიყვანა მოსემ კიდობანში, თქვენ დაუფიქრებლად შეიძლება უპასუხოთ, რომ წყვილი თითო სახეობიდან, მაგრამ, სინამდვილეში, კიდობანი არა მოსეს, არამედ ნოეს სახელს უკავშირდება. ცხადია, ვინაიდან ორივე ბიბლიაში გვხვდება, შეიძლება უცებ აგვერიოს მათი სახელები ამ კითხვის მოსმენისას. მოსეს ილუზია მხოლოდ საკუთარ სახელებზე არ გვემართება.

შესაბამისად, თავს ცუდად ნუ იგრძნობთ, თუკი ადამიანების სახელები გავიწყდებათ, ჩავარდნები მეხსიერებაში, ან სიტყვების არასწორად გაგება-დამახსოვრება სხვა სიტყვებთან მიმართებითაც იჩენს თავს და მაინდამაინც თქვენს უყურადღებობაზე არ მიუთითებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები