ახალი კონსტიტუცია

მმართველი გუნდი კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენით სექტემბრის ბოლოს დაამტკიცებს

თალაკვაძე და ოპოზიცია
parliament.ge

მმართველი გუნდი კონსტიტუციის ახალ პროექტს სექტემბრის ბოლოს მესამე მოსმენით დაამტკიცებს. ამის შესახებ დღეს ქართული ოცნების წევრმა, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირინა ფრუიძემ განაცხადა. ფრუიძის თქმით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოწურა და ულტიმატუმების ფონზე მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი არ აქვს. ქართული ოცნება იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნის მთავარი დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ მმართველმა გუნდმა შეიმუშავა და ყველა ოპოზიციური პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი გახდა, ვენეციის კომისიის დადებით შეფასებას დაიმსახურებს. 

„საკონსტიტუციო პროექტის განხილვა სავარაუდოდ ამ თვის ბოლოს იქნება, მას შემდეგ, რაც გავა კანონით დადგენილი ვადები წინა მოსმენის შემდეგ. მოგეხსენებათ, ეს არის მესამე მოსმენა და არსებით ცვლილებებს უკვე არ უნდა ველოდოთ. როგორც იცით, ოპოზიცია გველაპარაკება ულტიმატუმის ენით. ამ ენით საუბრის შემთხვევაში, ჩვენ ალბათ დიალოგზე ვერ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, დიალოგი არის იმ შემთხვევაში, როდესაც ორივე მხარე მზად არის გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ოპოზიციისგან ჩვენ ეს მზაობა ვერ დავინახეთ და ფაქტობრივად ამოწურულია ეს რესურსი,“ - თქვა ირინა ფრუიძემ

ქართულმა ოცნებამ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ორი მოსმენით, ერთხმად, დაახლოებით 2 თვის წინ დაამტკიცა. ოპოზიცია კენჭისყრებში პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობდა. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც იკრძალება პარტიების ბლოკებად გაერთიანება, საარჩევნო ბარიერი კი კვლავ 5% იქნება. ოპოზიციას შენიშვნები აქვს გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების საკითხთანაც. ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის ასევე მიუღებელია პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის წესი, როდესაც პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ხმოსნისგან შემდგარი კომისია აირჩევს. 

თუმცა, ოპოზიციის ყველაზე დიდ შეშფოთებას ის ფაქტი იწვევს, რომ შესაძლოა მაჟორიტარული სისტემა 2024 წლამდე არ გაუქმდეს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული წესით ჩატარდეს. ვენეციის კომისიამ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი სწორედ იმ დათქმით განიხილა, რომ ქვეყანა სრულად პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან გადავიდოდა. 

თავიანთი ძირითადი შენიშვნები ​​ოპოზიციამ მმართველი გუნდს, მათივე თხოვნით, წერილობით გადაუგზავნა და განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარ დოკუმენტთან დაკავშირებით ქართულ ოცნებასთან დიალოგის გაგრძელება მხოლოდ ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. მმართველ გუნდში კი განაცხადეს, რომ ოპოზიცია მათთან ულტიმატუმების ენით საუბრობს, რაც მიუღებელია, შესაბამისად კონსტიტუციის ახალ პროექტს მესამე მოსმენით, მხოლოდ მათთვის მისაღები რედაქციით საშემოდგომო სესიაზე მიიღებენ. 

კომენტარები