თბილისი

საქართველოს ეკონომიკის ნახევარზე მეტი თბილისშია თავმოყრილი

გიგანტური ველოსიპედი თბილისის ცენტრში
REUTERS

საქართველოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა თბილისია. 

1.1 მილიონიანი თბილისი ლიდერობს პროდუქციის გამოშვებაში, მასზე ქვეყნის საწარმოთა ბრუნვის 71% და გამოშვებული პროდუქციის 66% მოდის. საქართველოს კერძო ბიზნესში დასაქმებულთა 64%-იც თბილისზე მოდის. რეგიონებს შორის მეორე ადგილზე აჭარაა, შემდეგ ადგილებს კი იმერეთი, ქვემო ქართლი და სამეგრელო ზემო სვანეთი იკავებენ.

რეგიონებს შორის დისბალანსი გამოწვეულია რეგიონებისა და თბილისის სამუშაო ძალის შემადგენლობებს შორის სხვაობით. რეგიონებში ერთი მილიონი შრომისუნარიანი ადამიანი შედარებით დაბალპროდუქტიულ სოფლის მეურნეობის დარგშია თვითდასაქმებული და სწორედ ამიტომ, მათ მიერ დამზადებული პროდუქციის ღირებულება მცირეა.  თბილისში კი დასაქმებულთა დიდი ნაწილი უფრო პროდუქტიულ - ვაჭრობის, ტრანსპორტის, მრეწველობისა და ჯანდაცვის სექტორებში მუშაობს.

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებს შორის გარკვეული არაბუნებრივი მიმართებაც შეინიშნება. თბილისის მოსახლეობა არღვევს ჯორჯ ზიფის კანონზომიერებას. ზიფის კანონზომიერების მიხედვით, თუკი ქვეყნის უმსხვილესი ქალაქის მოსახლეობა ერთი მილიონია, მეორე უმსხვილესი ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით ნახევარი მილიონი მაინც უნდა იყოს, მესამე უმსხვილეს ქალაქში კი დაახლოებით სამჯერ ნაკლები მოსახლეობა უნდა ცხოვრობდეს, თუმცა იმის გამო რომ ბათუმსა და ქუთაისში მოსახლეობა დაახლოებით თანაბარია და 200 ათასს არ აღემატება, ამით ქალაქებს შორის არსებული მიმართება ირღვევა.

საინტერესოა ბოლო წლების განმავლობაში ბათუმის, როგორც მეორე უმსხვილესი ქალაქის დაწინაურება. ამის შედეგად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით: საწარმოთა ბრუნვაში, დასაქმებულთა რაოდენობასა და პროდუქციის გამოშვებაში თბილისის შემდეგ მეორე ადგილზე გადავიდა.

კომენტარები