ე.წ ციანიდის საქმე

პროკურატურამ შესაძლოა, მკვლელობის მოტივის გადაკვალიფიცირების ნაწილი გაასაჩივროს

საქართველოს პროკურატურა

ე.წ ციანიდის საქმეზე პროკურატურამ შესაძლოა, მკვლელობის მოტივის გადაკვალიფიცირების ნაწილი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა რუსთავი 2-თან ისაუბრა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ისინი ელოდნენ გამამტყუნებელ განაჩენს და ამ მოლოდინის საფუძველს, მათ მყარი მტკიცებულებები აძლევდათ. 

"მოტივის ნაწილში მოსამართლემ გადააკვალიფიცირა და შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის მომზადებისთვის ცნო დამნაშავედ. მე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჩაგვბარდება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, გავეცნობით მათ და მოტივის ნაწილში, რაც შეეხება გადაკვალიფიცირებას, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების თაობაზე. თუმცა მნიშვნელოვანია ის რომ, მთელი ამ დროის მანძილზე, რასაც ვამტკიცებდით ბრალდების მხარე, რომ  გიორგი მამალაძე გეგმავდა კათალიკოს-პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას ეს დადასტურდა და ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ და დადასტურდა იქ ფაქტი რომ იგი ამზადებდა ადამიანის მკვლელობას. ადვოკატებიც ხვდებოდნენ იმას, რომ ბრალდება იყო დადასტურებული, თუმცა საჯაროდ ქმნიდნენ მცდარ მოლოდინს, რომ ბრალდებული შეიძლება გამართლებულიყო. ჩვენ ველოდით გამამტყუნებელ განჩენს და პირველ რიგში მყარი მტკიცებულებები გვაძლევდა ამ მოლოდინის საფუძველს." - ამბობს პროკურორი ჯარჯი წიკლაური.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზის ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირა და განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. დეკანოზს 10 თებერვლის შემდეგ, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

კომენტარები