ე.წ ციანიდის საქმე

მეუფე პეტრე: სასამართლო დაექვემდებარა ზეწოლას და თავი მოიკლა

exclusivenews.ge

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა თვითმკვლელობას უწოდებს სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მეუფე პეტრეს შეფასებით, სასამართლომ ხელისუფლების ზეწოლას ვერ გაუძლო და ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო. 

"დღევანდელი სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პირდაპირი მემკვიდრეები პილატეს სასამართლოსი, რომელმაც უფალ იესო ქრისტეს გამოუტანა ასევე უსამართლო, ფარისევლური განაჩენი.

ჩემი პირადი შეფასებით, მოსამართლემ მის მთელ თაობასა და შთამომავლობას და ასევე სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი ანუ თვითმკვლელობა, რომელიც მიუტევებელი და ძალიან მძიმე ცოდვაა. მათ დაავიწყდათ, რომ ბოლო სიტყვას უფალი ამბობს ჩვენს ცხოვრებაში და მათ დაავიწყდათ საუბედუროდ, რომ მსაჯული არის ქრისტე ღმერთი თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში.

ეს არის თვითმკვლელობა სასამართლოსი, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რამეთუ სახელმწიფოს თავისუფლება, ძლიერება, მისი განვითარება დამოუკიდებელ და თავისუფალ სასამართლოზე გადის. ვინაიდან, სასამართლო და მოსამართლე დარჩა მონად ზეწოლისა, მონა ქვეყანაში გაბატონებული უსამართლობისა, რა თქმა უნდა, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება.

ვინაიდან ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია არანაირი ნაყოფი და ნაბიჯი არ გვინახავს სინანულისა სახელმწიფოს მმართველების პირველი პირებიდან, რომლებიც უპრინციპოდ დებდნენ ბრალს, დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, ცილი დასწამეს მამაოს დაკავებისთანავე და არ გადაუდგამთ მათ სინანულის, ცოდვისა, ამ დანაშაულის გამოსყიდვის არანაირი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, სასამართლო დაექვემდებარა ზეწოლას, არ ამხილა და ვერ შეძლო, ვერ ამაღლდა მოწოდების სიმაღლეზე, ღირსეული სახე ვერ აჩვენა ქართულ საზოგადოებას ანუ თავი მოიკლა" - თქვა მეუფე პეტრემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დღეს გამოაცხადა. ბრალდებული დეკანოზი სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა.

მოსამართლემ გიორგი მამალაძეს ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირა და განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. დეკანოზს 10 თებერვლის შემდეგ, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

კომენტარები