EBRD

ჩაკრაბარტი: წელს საქართველოში ჩადებული ინვესტიციების რეკორდის მოხსნას ვგეგმავთ

სერ სუმა ჩაკრაბატი
ტაბულა

"2016-ში ინვესტიციების მოცულობა რეკორდული იყო და მან 250 მილიონი ევრო შეადგინა, წელს ჩვენ ამ რეკორდის მოხსნას ვგეგმავთ. ჩვენი ვარაუდით, ინვესტიციების მოცულობა 350 მილიონი ან მეტი იქნება", - განაცხადა საქართველოში მყოფმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.

ჩაკრაბარტიმ დღეს შეხვედრები გამართა ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან და ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილთან. EBRD-ის პრეზიდენტმა რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. 

სერ სუმა ჩაკრაბარტის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქვეყნის კერძო სექტორის განვითარება, რათა ქვეყანამ ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) შესაძლებლობათა სრული ათვისება მოხდეს. EBRD საქართველოს სწორედ ამ მიმართულებით ეხმარება. EBRD ქართული ბანკების მხარდაჭერით ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს შეღავათიან სესხებს სთავაზობს. 

"EBRD არის ის დონორი ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში 200-ზე მეტ პროექტში დაახლოებით 3 მილიარდ ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ბანკი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის განვითარებას როგორც ინსტიტუციური განვითარების, ასევე სტრუქტურული რეფორმებისა და კერძო სექტორის გაძლიერების მიმართულებით", - განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

EBRD სხვა საფინანსო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციებს არ აძლევს სესხებს, ის კომერციულ ორგანიზაციებთანაც აქტიურად მუშაობს.

კომენტარები