პოლ მანაფორტი

ტრამპის კამპანიის ხელმძღვანელი საქართველოში იგორ გიორგაძის დაბრუნებას ცდილობდა

Getty Images

პოლ მანაფორტი დონალდ ტრამპის წინასაარჩვენო კამპანიას 2016 წლის მარტიდან აგვისტომდე ხელმძღვანელობდა. ახლა მანაფორტი ტრამპის კამპანიისა და რუსეთის კავშირების გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. FBI მის საქმიანობას დეტალურად სწავლობს. FBI მანაფორტის წარსულ ლობისტურ საქმიანობასაც იძიებს და მასში ფულის გათეთრებისა და კორუფციის შესაძლო ნიშნებს ეძებს. 

პოლ მანაფორტი 40 წელზე მეტია პოლიტიკური ლობიზმითაა დაკავებული. მანაფორტი ლობისტური კარიერის განმავლობაში იყო ისეთი პოლიტიკური ლიდერების ლობისტი როგორიცაა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, ფილიპინების დიქტატორი ფერდინანდ მარკოსი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი დიქტატორი მობუტუ სესე სეკო, ანგოლას სამხედრო გადატრიალების ლიდერი ჯონას სავიმბი და სხვები. როგორც ირკვევა, მანაფორტის კომპანიის ლობიზმით საქართველოდან გაქცეული იგორ გიორგაძეც სარგებლობდა.

იგორ გიორგაძის საქართველოში დაბრუნების მცდელობა

The Wall Street Journal-ის ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ 2003-2004 წლებში პოლ მანაფორტის კომპანია კრემლთან დაახლოებულ რუს ოლიგარქ, ოლეგ დერიპასკასთან ერთად საქართველოში იგორ გიორგაძის დაბრუნების ორგანიზებით და მისთვის შემდგომი პოლიტიკური კარიერის მოწყობით იყო დაკავებული.

"ერთ-ერთ ადრეულ პროექტში, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი ბატონი მანაფორტის კომპანია მუშაობდა ოლეგ დერიპასკასთან ერთად საქართველოში ქვეყნიდან გაქცეული, პრორუსი პოლიტიკოსის, იგორ გიორგაძის დაბრუნებისთვის.

2004 წლის დასაწყისში ოლეგ დერიპასკას ერთ-ერთმა ბიზნეს პარტნიორმა ნათანიელ როტჩილდმა მოსკოვში მიიწვია პოლ მანაფორტის თანამშრომელი რიკ დევისი. დერიპასკას კომპანია "ძირითად ელემენტის" ოფისში გაიმართა შეხვედრა საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრ იგორ გიორგაძესთან. შეხვედრაზე იმსჯელეს გზებზე თუ როგორ უნდა დაბრუნებულიყო ქვეყნიდან გაქცეული გიორგაძე ქართულ პოლიტიკაში", - წერია სტატიაში.

WSJ-ის ინფორმაციით, 2004 წლის ბოლოს როტჩილდი და დევისი მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ, სადაც მათ გიორგაძის ბედზე იმსჯელეს. სააკაშვილმა გიორგაძის შესაძლო დაბრუნება გააპროტესტა, რის შედეგადაც პროექტი შეჩერდა.

იგორ გიორგაძე 1995 წლის 29 აგვისტოს ედუარდ შევარდანაძეზე მოხმდარი თავდასხმის ორგანიზატორი იყო, რის შესახებაც ცნობილი მალევე გახდა. მკვლელობის მცდელობიდან 5 დღეში გიორგაძე მოსკოვში გაფრინდა, ის საქართველოს პოლიტიკაში დაბრუნებას დღემდე ცდილობს.

2000 წელს გიორგაძემ ქართველი პრორუსი პარტნიორების მეშვეობით დააფუძნა პარტია "სამშობლო", თუმცა აღნიშნული პარტია წარუმატებელი გამოდგა. 2003 წელს გიორგაძე საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენას პარტია "სამართლიანობის" მეშვეობით ცდილობდა, აღნიშნული პროექტიც ჩაიშალა. 2005 წელს კი ძებნაში მყოფმა გიორგაძემ თბილისში დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა "ანტისოროსი", აღნიშნულ მოძრაობაში პარტია "სამართლიანობაც" იყო გაწევრიანებული. 2006 წლის 6 სექტემბერს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა ორგანიზაციის აქტივისტები და გაასამართლა მისი 13 ლიდერი.

WSJ-ის ცნობით, მილიარდერი ოლეგ დერიპასკა ახლა იმუნიტეტის სანაცვლოდ მზადაა აშშ-ის სენატის გამოძიების კომიტეტს მისცეს დახურული ჩვენება ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისა და რუსეთის კავშირების შესახებ.

კომენტარები