ახალი კონსტიტუციის პროექტი

მმართველი გუნდი ვენეციის კომისიისგან დადებით დასკვნას ელოდება

თამარ ჩუგოშვილი
ტაბულა

ჯანი ბუკიკიოს მიერ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაკეთებული კრიტიკული განცხადებებისა და გამოთქმული იმედგაცრუების მიუხედავად, მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შეფასება დადებითია. პარლამენტის ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ვენეციის კომისია ყველა პრინციპულ საკითხზე მმართველი გუნდის მოსაზრებებს იზიარებს, ამიტომ საბოლოოდ კრიტიკულ დასკვნას არ ელოდება. რაც შეეხება კონსტიტუციასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებას, ჩუგოშვილი ამბობს, მმართველი გუნდი ორი მოსმენით დამტკიცებულ კონსტიტუციაში იმას გაითვალისწინებს, რისი საშუალებასაც რეგლამენტი მისცემს.  

"ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან. მათთვის ცნობილია, რომ სექტემბრის ბოლოს იგეგმება საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციის მესამე მოსმენით კენჭისყრა. ჩვენ გვაქვს ასეთ შეთანხმება: ვენეციის კომისიას უკვე მიღებული აქვს ცვლილებების მეორე მოსმენით დამტკიცებული ტექსტი და მესამე მოსმენამდე მივიღებთ მათი დასკვნის წინასწარ ვერსიას. ეს ვერსია გახდება საჯარო და შესაბამისად, ვიდრე პარლამენტის სესიაზე მესამე მოსმენით გავა ეს ვერსია, ჩვენ გვექნება საჯარო დისკუსია და განხილვები. რეგლამენტი რის შესაძლებლობასაც მოგვცემს, მესამე მოსმენით რა ტიპის ცვლილებების შეტანაც შეიძლება დოკუმენტში, ამ ტიპის რეკომენდაციები იქნება მაქსიმალურად გათვალისწინებული", - თქვა თამარ ჩუგოშვილმა. 

ქართულმა ოცნებამ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ორი მოსმენით, ერთხმად, დაახლოებით 2 თვის წინ დაამტკიცა. ოპოზიცია კენჭისყრებში პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობდა. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც იკრძალება პარტიების ბლოკებად გაერთიანება, საარჩევნო ბარიერი კი კვლავ 5% იქნება. ოპოზიციას შენიშვნები აქვს გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების საკითხთანაც. ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის ასევე მიუღებელია პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის წესი, როდესაც პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ხმოსნისგან შემდგარი კომისია 6 წლის ვადით აირჩევს. 

თუმცა, ოპოზიციის ყველაზე დიდ შეშფოთებას ის ფაქტი იწვევს, რომ შესაძლოა მაჟორიტარული სისტემა 2024 წლამდე არ გაუქმდეს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული წესით ჩატარდეს. ვენეციის კომისიამ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი სწორედ იმ დათქმით განიხილა, რომ ქვეყანა სრულად პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან გადავიდოდა. 

თავიანთი ძირითადი შენიშვნები ​​ოპოზიციამ მმართველი გუნდს, მათივე თხოვნით, წერილობით გადაუგზავნა და განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარ დოკუმენტთან დაკავშირებით ქართულ ოცნებასთან დიალოგის გაგრძელება მხოლოდ ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. მმართველ გუნდში კი განაცხადეს, რომ ოპოზიცია მათთან ულტიმატუმების ენით საუბრობს, რაც მიუღებელია, შესაბამისად კონსტიტუციის ახალ პროექტს მესამე მოსმენით, მხოლოდ მათთვის მისაღები რედაქციით საშემოდგომო სესიაზე მიიღებენ. 

 

კომენტარები