სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატები

წულუკიანი: სტრასბურგმა ფაფიაშვილი და სიჭინავა კვალიფიციურ კანდიდატებად ცნო

facebook.com/MinistryofJusticeofGeorgia

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგმა საქართველოდან გაგზავნილი სია მიიღო და ევრომოსამართლეობის მსურველები - ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა კვალიფიციურ კანდიდატებად ცნო. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„საზოგადოებისა და მედიის ცოცხალი ინტერესიდან გამომდინარე, როგორც კომისიის თავმჯდომარეს მაქვს ვალდებულება, გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფომ სტრასბურგიდან, ევროსაბჭოდან მიიღო წერილი, რომელშიც მრჩეველ-ექსპერტთა პანელი გვატყობინებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლის პოზიციაზე ჩვენ მიერ წარდგენილი ორი კანდიდატურა - ქალბატონი ლალი ფაფიაშვილის და ბატონი ოთარ სიჭინავა - ცნობილი იქნენ, ისევე როგორ რამდენიმე კვირის წინ ბატონი ლადო ჭანტურია, მისაღებ, კვალიფიციურ კანდიდატებად.

ამით შესარჩევი პროცედურის პირველი ეტაპი ჩვენ წარმატებით დავასრულეთ. ახლა დარჩენილია მეორე და მესამე ეტაპი. მეორე ეტაპი გახლავთ კანდიდატების გასაუბრება საპარლამენტთაშორისო ასამბლეის კომიტეტზე და ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ დეპუტატები ყველა წევრი ქვეყნებიდან კენჭს უყრიან ერთ-ერთ მათგანს, რომელიც საბოლოოდ უნდა იქნეს არჩეული სტრასბურგის მოსამართლედ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე და მესამე ეტაპიც ისეთივე წარმატებით ჩაივლის, როგორც ჩვენ დღეს ეს პირველი ეტაპი დავხურეთ" - თქვა წულუკიანმა.

აღსანიშნავია, რომ ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა უკვე მესამედ გამოცხადებული კონკურსით შეირჩნენ. ლადო ჭანტურიას გარდა, წინა ჯერზე, სტრასბურგის ექსპერტთა საბჭომ ყველა წარდგენილი კანდიდატი დაიწუნა სხვადასხვა მიზეზით.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილიც და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავაც ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ და კონტროვერსიულ საქმეებთან არიან დაკავშირებული - გიგი უგულავასა და კაბელების საქმის მონაწილეების, ასევე რუსთავი 2-ის საკონსტიტუციო სარჩელებთან. ფაფიაშვილს და სიჭინავას განხილვის განგებ გაჭიანურებაში ადანაშაულებდნენ. მათი არდასწრების გამო, სხდომებზე კვორუმიც ვერ ივსებოდა.

სტრასბურგისთვის კანდიდატების შერჩევის პროცესს, სადაც ფაფიაშვილი და სიჭინავაც შეარჩიეს, კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ბოიკოტი გამოუცხადა. მათ თქვეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ რჩეულებს მხარს უპირობოდ უჭერდნენ.

კომენტარები