სოფლის მეურნეობა

ოცნება აუქმებს მიწების მორატორიუმის მუხლს, რომელიც ბანკებს საკუთრებას უზღუდავს

ტაბულა / ტაბულა

2017 წლის 26 ივნისს პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა.  მორატორიუმმა ქართული ოცნების მიერ გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვია, რადგანაც მან ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების ნაწილს საკუთრების უფლება შეუზღუდა. საჯარო რეესტრი ბანკების საკუთრებაში გადასული უძრავი ქონების რეგისტრაციაზე დღემდე უარს ამბობს.

საქმე იმაშია, რომ აკრძალვა ვრცელდება უცხოელების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და იმ კომპანიებზეც, რომელთა კაპიტალის ნახევარზე მეტს უცხოელები ფლობენ. 

ახლა კი ქართული ოცნება მის მიერ 26 ივნისს დაშვებული შეცდომის გამოსწორებაზე მუშაობს, რისთვისაც ეკა ბესელიამ და კიდევ ხუთმა დეპუტატმა სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავეს.

უცხოეთის მოქალაქეები საკონტროლო წილებს ფლობენ ტერაბანკში, პროკრედიტ ბანკში, ზირაათ ბანკში, ბაზისბანკში, ხალიკ ბანკსა და სხვა კომერციულ ბანკებში. 

თუ აღნიშნული აკრძალვა ძალაში დარჩება ამით ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარება შეფერხდება, რადგანაც აღნიშნული ბანკები უარს იტყვიან სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსებაზე. საქმე იმაშია, რომ აგრარულ სექტორში კრედიტის უზრუნველყოფად ხშირ შემთხვევაში თავად მიწა იდება, თუ კომერციულ ბანკებს არ ექნებათ უფლება გადაუხდელი კრედიტის შემთხვევაში უზრუნველყოფაში ჩადებული უძრავი ქონება დაირეგისტრირონ, ისინი მაღალი ალბათობით ამ სექტორში კრედიტის გაცემაზე უარს საერთოდ იტყვიან.

კომენტარები