Game of thrones

Game of Thrones მსოფლიოში პირატული გზით 1 000 000 000-ჯერ ნახეს

HBO/GOT

გლობალური ონლაინ პირატული ბაზრის მოცულობა წელიწადში 196 მილიარდია, ეს ნიშნავს, რომ ფილმების, მუსიკის და სხვა ფაილების ჩამოტვირთვა და სტრიმინგი წლის განმავლობაში 196 მილიარდჯერ ხდება. 

კიბერუსაფრთხოების ტექნოლოგიების მწარმოებელი ამერიკული კომპანია MUSO-ს მონაცემებით, HBO-ს შოუ Game of Thrones პირატული გზით ნახვადი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შოუა. სერიალის მეშვიდე სეზონი არალეგალური გზით უკვე 1 მილიარდჯერ ნახეს.

Game of Thrones-ის მეშვიდე სეზონის პრემიერა არალეგალური სტრიმინგისა და გადმოწერის გზით დღემდე 187-მა მილიონმა ადამიანმა ნახა, შედარებისთვის ლეგალური გზით ის 30-მა მილიონმა ნახა. 

MUSO-ს მონაცემებით სერიების მიხედვით, GOT-ის მეშვიდე სეზონის არალეგალური სტრიმინგისა და გადმოწერის მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 

  • პირველი სერია - 187 მილიონი ნახვა
  • მეორე სერია - 123 მილიონი ნახვა
  • მესამე სერია - 116 მილიონი ნახვა
  • მეოთხე სერია - 121 მილიონი ნახვა
  • მეხუთე სერია - 151 მილიონი ნახვა
  • მეექვსე სერია - 184 მილიონი ნახვა
  • მეშვიდე სერია - 143 მილიონი ნახვა

ნახვების 84% -ს არალეგალური ლაივსტრიმი შეადგენდა. ტორენტიდან გადმოწერით სერიალი 9%-მა იხილა, გადმოწერის სხვა ხერხებით კი 5.6%-მა ისარგებლა. 

Game of Thrones დღეისთვის გლობალური სატელევიზიო ფენომენია, შოუს ყოველი სერიის გამოსვლას ასობით მილიონი მაყურებელი ელოდება.

 

კომენტარები