აზარტული თამაშები

ონლაინ კაზინოებს შესაძლოა მკაცრი რეგულაციები დაუწესდეთ

0 კომენტარი

ფოტო: Reuters

საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ონლაინ აზარტული თამაშების რეგულირებაზე მუშაობს. პარლამენტში შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახალი რეგულაციების მომზადებაზე მუშაობს. 

საქმის კურსთან საუბარში ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ რეგულაციის შემუშავებაზე ისინიც მუშაობენ. ხუციშვილის თქმით, ახლა მიდის უცხოური პრაქტიკის განხილვა, რომელიც აჩვენებს, რომ ასეთი აკრძალვის გაკონტროლება საკმაოდ რთულია.

"ჩვენ ანალიზს ვაკეთებთ ყველა მიმართულებით, მათ შორის იმ მიმართულებით, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს და რამდენად ეფექტურად შეიძლება ონლაინ თამაშების აკრძალვის გაკონტროლება. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამის შესაძლებლობა ეფექტურად არ არსებობს ან არსებობს იმ შემთხვევასი, თუ რამდენიმე ასეული მილიონი ლარი იქნება დახარჯული ასეთი ტიპის კონტროლის განხორციელებისთვის. პირველადი ანალიზი გვიჩვენებს, რომ რეალურ ცხოვრებაში არ მუშაობს, იქიდან გამომდინარე, რომ ტექნოლოგიების განვითარების პირობებში მარტივადაა გვერდის ავლა ასეთი ტიპის რეგულაციების წინააღმდეგ", - ამბობს ხუციშვილი.

2015 წლის 29 დეკემბერს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რეგულაციების გარეშე ონლაინ-კაზინოები მოსახლეობას დიდ ზიანს აყენებენ.

2016 წელს კაზინოებისა და ტოტალიზატორების ბრუნვამ 4.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს 2015 წელთან შედარებით 16%-ით მეტია. ამ 4.3 მილიარდი ლარიდან ტოტალიზატორებზე 850 მილიონი მოდის, ეს კი ნიშნავს, რომ ტოტალიზატორებზე მაღალი ბრუნვა კაზინოებს აქვთ.

ყველაზე დიდი 76%-იანი ზრდა სათამაშო ბიზნესს 2015 წელს ჰქონდა, როდესაც ინდუსტრიის ზომამ 3.7 მილიარდ ლარს მიაღწია. 

დღეის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 138 ბიზნესია რეგისტრირებული, რომელიც აზარტული თამაშების ორგანიზებითაა დაკავებული. ამ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა კი 6.5 ათასია.

სათამაშო ბიზნესი ბიუჯეტის ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელია, თუმცა მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების მოცულობა წელს მკვეთრად გაიზარდა, რაც მათთვის გაზრდილ გადასახადებს უკავშირდება.

2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა საგადასახადო ცვლილებები, რომელსაც სათამაშო ინდუსტრია თავის დროზე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. გაზრდილი მოსაკრებლების პირობებში 2017 წლის პირველ ნახევარში სათამაშო ბიზნესი უკვე 145 მილიონი ლარით დაიბეგრა, ეს 2016 წლის სრულ მაჩვენებლებს 33%-ით აღემატება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ 16 წელი გავიდა

კომენტარები