სახელმწიფო აუდიტის სამსახური

კობახიძემ მთავარი აუდიტორის პოსტზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა

parliament.ge

პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა. ის საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მთავარი ბანკირია.

„იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გამომიცხადებს ნდობას, როგორც გენერალური აუდიტორი, ვიზრუნებ აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაზე. ის თითქმის 25-წლიანი გამოცდილება, რაც შეძენილი მაქვს საბანკო-საფინანსო სექტორში მოღვაწეობის დროს, მოხმარდება აუდიტის სამსახურის თვისობრივად ახალ დონეზე გადასვლას. სამსახური გახდება უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი, უფრო გამჭვირვალე და დამოუკიდებელი. ჩვენ ყველანი გავერთიანდებით იმ ღირებულებების ირგვლივ, რომელიც არის ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა“, - განაცხადა მექვაბიშვილმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას უფლებამოსილება 25 ივლისს ამოეწურა. მას შემდეგ გენერალური აუდიტორის მოვალეობას მისი ყოფილი მოადგილე, ნინო ლომჯარია ასრულებს.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. გენერალურ აუდიტორს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს. გენერალური აუდიტორის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა ორჯერ შეიძლება, თუმცა ლაშა თორდია თანამდებობას მხოლოდ ერთი ვადით იკავებდა. ასევე არ შეიძლება, თანამდებობაზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში გენერალური აუდიტორი იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან სხვა პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდეს.

ახალი გენერალური აუდიტორის არჩევა 20 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

კომენტარები