არჩევნები 2017

არასამთავრობოები: მერობის კანდიდატებად მხოლოდ 2 ქალის წარდგენა შემაშფოთებელია

საია

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი, რომელიც 9 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ქართული ოცნების მერობის კანდიდატად მხოლოდ 2 ქალის წარდგენას შემაშფოთებელს უწოდებს. პარტიამ მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 62 კანდიდატი წარადგინა. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამჟამად ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა წარმომადგენლობა უკიდურესად დაბალია - არც ერთი მოქმედი მერი არ არის ქალი, ამასთან 59 პირდაპირი წესით არჩეული გამგებლიდან მხოლოდ ერთია ქალი. სამუშაო ჯგუფის განცხადებით, ეს ტენდენცია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის, ვითარების გამოსწორებაზე კი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

"პოლიტიკური პარტიების მხრიდან მერობის კანდიდატებად ქალების უკიდურესად მცირე რაოდენობით დასახელების ტენდენცია შემაშფოთებელია და ადასტურებს, რომ უგულებელყოფილია საზოგადოების მოთხოვნა, უზრუნველყოფილ იქნას ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში. ამით ასევე არ ხდება სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარება. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, კანდიდატების და სიების საბოლოო რეგისტრაციამდე გაითვალისწინონ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის წარადგინონ გენდერულად დაბალანსებული სიები და უზრუნველყონ არჩევნებში სქესთა თანაბარი მონაწილეობა", - ნათქვამია განცხადებაში. 

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი შემდეგ ორგანიზაციებს აერთიანებს: 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ქალთა საინფორმაციო ცენტრი
გენდერული სამართლიანობა
კავშირი საფარი.
გენდერული თანასწორობის ქსელი
ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის.
ევროპელი ქალების საერთო მომავლისათვის - საქართველო. 
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია თანხმობა. 

კომენტარები