მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი უკრაინაში შესვლას მატარებლით ცდილობს, მატარებელი არ იძვრის

rustavi 2

მიხეილ სააკაშვილი, კრაკოვეცის სასაზღვრო პუნქტის გავლის ნაცვლად, უკრაინის ტერიტორიაზე მატარებლით შესვლას ცდილობს. მისი თქმით, ამის მიზეზი საზღვარზე მოსალოდნელი პროვოკაციები გახდა.

სააკაშვილი უკვე ავიდა მატარებელზე, თუმცა მატარებელი არ იძვრის. პოლიციის ცნობით, მატარებელი არ წავა, სანამ სააკაშვილი მასზე იმყოფება. მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად, სააკაშვილს თან ახლავს ჟურნალისტები და პოლიტიკოსები. 

„საზღვარზე არის შეკრებილი ჩვენი მრავალი ათასი მომხრე, მაგრამ ამავე დროს არის რამდენიმე ასეული (შეიძლება მეტი) შეიარაღებული ტიტუშკა, იმუქრებოდნენ, რომ ცეცხლს გახსნიდნენ. რა თქმა უნდა, ჯობია თავი დავიზღვიოთ, ამიტომ, პროვოკაციის საბაბი რომ არ მივცეთ, დავჯდებით მატარებელზე და ავუვლით გვერდს.“ - თქვა მიხეილ სააკაშვილმა მატარებელში ასვლამდე.

პოლონეთიდან უკრაინისკენ სააკაშვილი ავტობუსით დაიძრა. უკრაინის საზღვარზე მას მხარდამჭერები ელოდებოდნენ.

„მინდა, ყველა მოვიკითხო საქართველოში, ახლა მივდივარ უკრაინაში, მაგრამ ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ საქართველოში და ჩემთვის ეს არის ცხოვრების მიზანი, ისევე, როგორც უკრაინის დახმარება ახლა“, - თქვა სააკაშვილმა მატარებელში ჩახდომის წინ.

კომენტარები