მიხეილ სააკაშვილი

არსენ ავაკოვი: დაისჯება ყველა, ვინც უკრაინის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი და ყველა ადამიანი, ვინც გუშინ უკრაინის საზღვარი გადაკვეთა, კანონის შესაბამისად დაისჯება. განცხადება მან თავისი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. ავაკოვი წერს, რომ სააკაშვილს და ყველა სხვას, ვინც უკრაინის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, ორიდან ერთი არჩევანი აქვს: გამოცხადდნენ შეგინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და გაფორმების პროცედურა გაიარონ, ან გამოცხადდნენ მიგრაციული სამსახურის განყოფილებაში. ასევე, მისი თქმით, საზღვრის გარღვევის ყველა მონაწილე, მათ შორის სახალხო დეპუტატები, უნდა გამოცხადდნენ პოლიციაში ჩვენების მისაცემად. ავაკოვმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, უკრაინა პირად პოლიტიკურ ინტერესებზე არ გაცვალონ. 

"საზღვრის გარღვევის ორგანიზების ფაქტზე ნაციონალურმა პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დაწყებულია გამოძიება და ფაქტებისა და მტკიცებულებების შეგროვების ფორმალური პროცედურა. ეს მძიმე მუხლია. დარწმუნებული ვარ, პროკურატურა მხარს დაგვიჭერს ისევე, როგორც სასამართლოები. ყველა, ვინც მონაწილეობდა საზღვრის გარღვევაში, მესაზღვრეებსა და პოლიციელებზე თავდასხმაში, იქნება გამოვლენილი და კანონის შესაბამისად დაისჯება“, - წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი. 

რაც შეეხება სააკაშვილის გუშინდელ ქმედებებს, არსენ ავაკოვი ამას პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად. როგორც მან თქვა, საზღვართან აქციების მონაწილეების წინააღმდეგ იარაღისა და ძალის გამოყენება აკრძალა. 

"ჩვენ დავაკავეთ სპორტული აღნაგობის ათობით ადამიანი, რომლებიც საზღვარზე არეულობის მოსაწყობად მოდიოდნენ. სამედიცინო დახმარება კი, 16 მესაზღვრეს და სამართალდამცველს დასჭირდა. მაშინ, როცა სააკაშვილი თავის მეგობრებთან ერთად უკრაინის საზღვართან წრიალებდნა მატარებელში თუ საზღვრის გარღვევისთვის სხვა მარშრუტების ისტერიულად ძებნის დროს, მე მხოლოდ ერთ რამეზე ვღელავდი - ძალადობრივ პროვოკაციაზე. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა აპარტეიდის სტატუსს, ამით სასამართლო დაკავდეს, ჩემთვის მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ შეტაკება და სისხლისღვრა", - წერს ავაკოვი

მისივე შეფასებით, ქვეყნის საზღვარზე მომხდარი ინციდენტი: უკრაინის მხრიდან ე.წ აქტივისტების მიერ საზღვრის გარღვევა და "სახელმწიფოს ძირითად ინსტიტუტებზე თავდასხმა დროებითი პოლიტიკური ინტერესების გამო კრიმინალი და უპასუხისმგებლობაა".

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა უკრაინაში შეგინის სასაზღვრო გამშვები პუნქტის კორდონი გაარღვიეს, უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნეიტრალურ ზონაში გადავიდნენ და მიხეილ სააკაშვილი და იულია ტიმოშენკო უკრაინაში შეიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი ახლა ლვოვში იმყოფება.

კომენტარები