სოფლის მეურნეობა

ბანკებს უფლება მიეცემათ ფლობდნენ მიწას, თუ მას საქართველოს მოქალაქეზე გაასხვისებენ

ტაბულა

ქართული ოცნების მიერ დაწესებული მიწების მორატორიუმი ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას აფერხებს. აკრძალვამ საქართველოს მოქალაქეებს წაართვა უფლება მიწა გაესხვისებინათ უცხოელებზე, უცხოელებს კი ამ მიწის შესყიდვის უფლება გაუქრო. აღნიშნულმა აკრძალვამ კიდევ ერთი ნეგატიური ეფექტი გამოიღო, რაზეც მის შემქნელ კანონმდებლებს რეგულაციის მიღების დროს არ უფიქრიათ, ის ფერმერებს კრედიტის მოზიდვას ურთულებს, რის გამოსწორებასაც ახლა მთავრობა ცდილობს.

საქმე იმაშია, რომ აკრძალვა ვრცელდება უცხოელების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და იმ კომპანიებზეც, რომელთა კაპიტალის ნახევარზე მეტს უცხოელები ფლობენ. ამ კომპანიების რიგებში არიან კომერციული ბანკებიც, რომლებსაც პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობა აუკრძალა. ამ აკრძალვის გამო კომერციულ ბანკებს, რომელთა მფლობელებიც უცხოელები არიან, საჯარო რეესტრი მიწების მათ საკუთრებაში დარეგისტრირებაზე უარს ეუბნება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეს ბიზნესომბუდსმენმა სპეციალური განცხადებით აცნობა.

უცხოეთის მოქალაქეები საკონტროლო წილებს ფლობენ ტერაბანკში, პროკრედიტ ბანკში, ლიბერთი ბანკში, ზირაათ ბანკში, ბაზისბანკში, ხალიკ ბანკსა და სხვა კომერციულ ბანკებში. 

თუ აღნიშნული აკრძალვა ძალაში დარჩება ამით ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარება შესაძლოა შეფერხდეს, რადგანაც აღნიშნული ბანკები უარს იტყვიან სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსებაზე. საქმე იმაშია, რომ აგრარულ სექტორში კრედიტის უზრუნველყოფად ხშირ შემთხვევაში თავად მიწა იდება, თუ კომერციულ ბანკებს არ ექნებათ უფლება გადაუხდელი კრედიტის შემთხვევაში უზრუნველყოფაში ჩადებული უძრავი ქონება დაირეგისტრირონ, ისინი ამ სექტორში კრედიტის გაცემაზე უარს იტყვიან.

დღეს გავრცელებული განცხადებით პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ კომერცციულ ბანკებს მიეცემათ საგამონაკლისო უფლება ფლობდნენ სასოფლო სამეურნეო მიწებს. პრემიერის თქმით, ბანკებს კანონის მეშვეობით ამ მიწების მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე გასხვისების უფლება მიეცემათ. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ცვლილება აუცილებელია, რათა საფრთხე არ დაემუქროს სასოფლო-სამეურნეო მიწების განვითარებას.

"საუბარია იმაზე, რომ საფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებს, კანონის ამოქმედებამდე, დარჩეთ სოფლის მეურნეობის დანიშნულების მიწების საკუთრებაში დროებით დარეგისტრირების უფლება, იმ შეზღუდვით, რომ გარკვეულ ვადაში მოახდენენ ამ მიწის რეალიზაციას, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. აღნიშნული დროებითი ცვლილება განპირობებულია მხოლოდ იმ მიზნით, რომ ფერმერებს და გლეხებს შეეძლოთ საკუთარი მიწის ქონებრივ აქტივად გამოყენება, საფინანსო სექტორთან თანამშრომლობა და სოფლის მეურნეობის მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა და ამავდროულად, არავითარი საფრთხე არ დაემუქროს სასოფლო-სამეურნეო მიწების განვითარებას. 

ეს ქართული ოცნების მიერ უცხოელებისთვის მიწების მიყიდვაზე გამოცხადებული უკვე მეორე მორატორიუმია.

2013 წლის 28 ივნისს ქართული ოცნების უმრავლესობამ "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის შედეგადაც, უცხოელს საქართველოს ტერიტორიაზე მიწის შესყიდვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე აეკრძალა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა.

კომენტარები