ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის წევრები კეზერაშვილის მიმართ მელიას ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ

0 კომენტარი

ნიკა მელიამ გუშინ TV პირველის ეთერში თავდაცვის ყოფილ მინისტრზე დავით კეზერაშვილზე თქვა, რომ ის ყაჩაღია და ფული ძარცვით იშოვა. ამასთან, დაამატა, რომ კეზერაშვილი უგულავა-ბოკერიას ფლანგთან და ბიძინა ივანიშვილთან ერთად ცდილობდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დანგრევას. 

ტაბულა მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა გაეგო, რა პოზიცია აქვთ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ამ განცხადებაზე პარტიის სხვა წევრებს, თუმცა უშედეგოდ. 

ენმ-ის წევრმა გიორგი ბარამიძემ გვითხრა, რომ დავით კეზერაშვილთან პირადი ურთიერთობის გამო, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

პარტიის კიდევ ერთი წევრი რომან გოცირიძე სატელეფონო საუბარზე დაგვთანხმდა, თუმცა მას შემდეგ, რაც კითხვა მოისმინა, გვითხრა, რომ დაკავებული იყო და მოიფიქრებდა, მოგვიანებით გვიპასუხებდა თუ არა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ტაბულას ჟურნალისტს უთხრა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურდა.

საუბარზე ნიკა რურუაც დაგვთანხმდა, თუმცა კითხვის მოსმენის შემდეგ გვითხრა, რომ კონფერენციაზე იყო, ხმა არ ესმოდა და ტელეფონი გაგვითიშა. კონფერენციაზე მასთან მისულ ტაბულას ჟურანლისტს კი უთხრა: "No comment. არა, ნუ, არ ვაკეთებ კომენტარს".

თინა ბოკუჩავამ, რომელიც ამავე კონფერენციაზე იყო, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე გაიცინა და გზა გააგრძელა. 

კონფერენციაზე იმყოფებოდა დეპუტატი სალომე სამადაშვილიც, რომელმაც ტაბულას ჟურნალისტს უთხრა, რომ "კომენტარი იმან გააკეთოს, ვინც ილაპარაკა", თვითონ კი ამაზე არ ისაუბრებს. 

პარტიის სხვა წევრები ამ დროისთვის ტელეფონს არ პასუხობენ. ტაბულა დაუკავშირდა ენმ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, რომელიც დაგვპირდა, რომ ეცდება, რომელიმე წევრთან დაგვაკავშიროს. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მორგან ფრიმენი პუტინის და რუსეთის შესახებ

კომენტარები