ოჯახში ძალადობა

შსს: 2017 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 20 ადამიანი მოკლეს

www.gettyimages.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 29 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ოჯახში ძალადობის შედეგად 20 ადამიანი მოკლეს.

უწყება არ მიუთითებს მათ შორის რამდენია ქალი. ტაბულას სამინისტროში უთხრეს, რომ ამისთვის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა საჭირო.

თუმცა, მედიით გავრცელებული შემთხვევების დათვლის შედეგად, ცხადია, რომ მოკლულთა უმრავლესობა ქალია.

გარდა ამისა, 2017 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ქალის მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, თვითმკვლელობამდე, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის 14 შემთხვევაზე დაიწყო საქმის წარმოება.

რაც შეეხება შსს-ს სტატისტიკას, მკვლელობის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში მოხდა (8), შემდეგ იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში (6), სამცხე-ჯავახეთში (2), ქვემო ქართლში (2), სამეგრელო-ზემო სვანეთსა (1) და კახეთში (1).

ამავე მონაცემების მიხედვით, ჯანმრთელობის დაზიანების 18 შემთხვევა იყო. ამათგან ყველაზე მეტი კახეთში (5), შემდეგ იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში (4), ასევე, ქვემო ქართლში (4), თბილისში (2), სამცხე ჯავახეთში (1), შიდა ქართლსა (1) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (1).

რაც შეეხება სხვა ტიპის ძალადობას, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, სულ საქართველოში ასეთი 816 ფაქტი დაფიქსირდა. ამათგან ყველაზე მეტი, 273 თბილისში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს სულ 2285 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

გარდა ამისა, უწყების სტატისტიკის მიხედვით, წელს სულ ოჯახში ძალადობის 854 შემთხვევა მოხდა და აქედან 675-ის, ანუ 79%-ის შემთხვევაში დევნა დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, ეს არის სტატისტიკური მონაცემები სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ოჯახში მომხდარი დანაშაულისთვის, რომელზეც პასუხისმგებლობა განისაზღვრა სსკ 11'-108, 11'-109, 11'-117, 11'-118, 11'-126', 126' მუხლებით.

კომენტარები