ზედელაშვილი: კონსტიტუციის ყველა დეფექტზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

საკონსტიტუციო რეფორმამ, რომელიც ქართული ოცნების მთავრობამ იანვარში დაიწყო და რამდენიმე თვის შემდეგ ქვეყნის მთავარი დოკუმენტი ორი მოსმენითაც მიიღო, მმართველი გუნდის გარდა ყველა პოლიტიკური ძალის, არასამთავრობო ორგანიზაციის და იურისტის უარყოფითი შეფასება დაიმსახურა. პარლამენტი, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობას ქართული ოცნება ფლობს, პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებას სექტემბრის ბოლოსთვის გეგმავს. დოკუმენტს მხარს მხოლოდ ერთი, მმართველი პარტია უჭერს.

რა მიზანს ემსახურება საზოგადოებრივი კონსენსუსის გარეშე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რა ტიპის სახელმწიფოებს ახასიათებთ ქვეყნის ძირითადი დოკუმენტის ხშირი ცვლილება და რა შედეგებამდე მიიყვანს ქვეყანას ის ჩანაწერები, რაც ქართული ოცნების გადაწყვეტილებით კონსტიტუციაში შევიდა, ამ საკითხებზე ტაბულა საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტს, დავით ზედელაშვილს ესაუბრა.

საარჩევნო სისტემა და მანდატების გადანაწილების წესი


ფოტო: parliament.ge


პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაა, რომ გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების ეს წესი, ისევე როგორც 5%-იანი ბარიერი და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა, საჭიროა სტაბილური პოლიტიკური სისტემისთვის. რა კავშირშია პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში ბევრი პატარა პარტიის არარსებობასთან?

სრულიად უადგილოა იმის თქმა, რომ ეს პოლიტიკური სისტემის გამყარებას სჭირდება. პოლიტიკური სისტემა რომ განუვითარებელი და ფრაგმენტულია, ეს მცირე პარტიების საერთოდ გაქრობისთვის კონსტიტუციური მექანიზმების შექმნით არ გადაიჭრება. პოლიტიკური პარტიებისთვის პარტიულ სტრუქტურებად ჩამოყალიბება და საზოგადოებაში მყარი ინტერესთა ჯგუფების გამონახვა თავისუფალი კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი.  ავტორიტარული ან ტოტალიტარული საზოგადოებებიც სტაბილური პოლიტიკური სისტემები არიან, სადაც ძალისმიერად არის მოწმენდილი პოლიტიკური ველი.

კონსტიტუციის ახალი პროექტის ირგვლივ ყველაზე დიდი მღელვარება საარჩევნო სისტემის რეფორმამ გამოიწვია: იკრძალება ბლოკებად გაერთიანება, საარჩევნო ბარიერი კი მაღალი - 5% რჩება. ამასთან, გადაუნაწილებელ მანდატების გადანაწილების წესი სამი დონისაა, თუმცა, მაინც არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიის სასარგებლოდ. ამ საკითხებზე მმართველმა გუნდმა არავის შენიშვნა არ გაითვალისწინა. რისთვის სჭირდება ხელისუფლებას ასეთი ცვლილებები კონსტიტუციაში?

ხელისუფლებას ეს ძალაუფლების კონცენტრაციისთვის სჭირდება. მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, გადასანაწილებელი მანდატი ბევრი იყოს. ანუ, საჭიროა 5%-იანი ბარიერი და ბლოკების აკრძალვა, რომ პატარა პოლიტიკური პარტიები რაც შეიძლება ფრაგმენტირებულად იყოს წარმოდგენილი, მათ მიერ მიღებული ხმები კი რაც შეიძლება მეტად გაიფანტოს და დაიკარგოს. ეს ხმები ბონუსად დაემატება უბრალო უმრავლესობის მქონე პოლიტიკურ ძალას. არსებულ საკონსტიტუციო უმრავლესობას სწორედ ამისი იმედი აქვს, რომ საზოგადოების ფარდობითი უმრავლესობა, ამომრჩევლის 30-დან 40 პროცენტამდე მხარს მას დაუჭერს.

დემოკრატია ჩარვით არ მიიღწევა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სწორება საპარლამენტო რეჟიმზე გვაქვს. საპარლამენტო რეჟიმი თავისი განსაზღვრებით პლურალისტულია. ეს სისტემა მიმართულია მეტი კოალიციურობისკენ, კონსენსუსისკენ, თანამშრომლობისკენ. თუ მათ ეს არ მოსწონთ და  უნდათ სისტემა, სადაც ხალხისგან მიღებული პოლიტიკური მანდატით ერთი პიროვნება ან პოლიტიკური გუნდი ერთპიროვნულად მოქმედებს, ასეთი რეჟიმები ჩვენ გვქონდა და მათ ხელისუფლების წევრები ყველა უბედურების წყაროდ წარმოაჩენენ. საბოლოოდ, გამოდის, რომ არავის სურს რეალურად გამართული კონსტიტუციური რეჟიმი - იქნება ეს საპარლამენტო, საპრეზიდენტო თუ ნახევრად საპრეზიდენტო. ყველას უნდა ამ რეჟიმების გაუკუღმართებული ფორმები და გამუდმებით ამ წრეზე ვტრიალებთ.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართული ყველა მხარე ითხოვდა და ვენეციის კომისიამაც წინასწარი დასკვნა იმ დათქმით მოამზადა, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდებოდა. რა არის მაჟორიტარული სისტემის მანკიერი მხარე, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ წესის გაუქმება?

ცალკე აღებული არც ერთი სისტემა სრულად მანკიერი არ არის, ის კონტექსტში გამოიხატება. როცა მაჟორიტარული სისტემა ხელოვნურად წარმოშობს უმრავლესობას და გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი, ყველა დანარჩენი პრეფერენცია იკარგება. არ გვაქვს ზედა პალატა, არ გვაქვს ძლიერი საკონსტიტუციო სასამართლო, ამიტომ არის მიუღებელი არსებულ კონტექსტში მაჟორიტარული სისტემა, ის წარმოშობს უმრავლესობას და ქმნის ხელისუფლების ადვილად კონცენტრაციის საფრთხეს. ამის თავიდან არიდება შესაძლებელია პროპორციულ სისტემაში, ოღონდ არა იმ ფორმით, რაც მმართველმა გუნდმა შემოგვთავაზა. გამოსავალია სისტემა, რომელიც მართლა გულისხმობს ამომრჩეველთა მხარდაჭერის პოლიტიკურ პარტიებზე პროპორციულად განაწილებას ისე, როგორც ეს მათ ამომრჩევლებმა მიანიჭეს.
 

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და ხელისუფლების პასუხი


ფოტო: parliament.ge


ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინება ხელისუფლებისთვის ფორმალურად სავალდებულო არ არის, რადგან ის საკონსულტაციო ორგანოა და არა პოლიტიკური, თუმცა, რამდენად მიზანშეწონილია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ მათ შესაძლოა არ გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები?

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების არგათვალისწინება აჩვენებს პროცესის ჩავარდნას და ჩიხურობას. ყველამ იცის, რომ ვენეციის კომისია არის საკონსულტაციო ორგანო, რომელიც მაქსიმალურად ნეიტრალურია საკუთარ შეფასებებში და არ აქვს რაიმე პოლიტიკური მიზანი თუ ამბიცია. მათ სურთ, დაეხმარონ ხელისუფლებას ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებაში, ამიტომ რეკომენდაციების არგათვალისწინება არის სიგნალი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც.

რატომ დგამს ამ ნაბიჯებს ხელისუფლება, რატომ არ აპირებს კომისიის შენიშვნების გათვალისწინებას მრავალჯერ გამოთქმული იმედგაცრუების მიუხედავად?

თავიდან ხელისუფლების მიზანი იყო, რომ მარტივი ყოფილიყო საკონსტიტუციო უმრავლესობის შენარჩუნება. ილუზია ჰქონდათ, რომ ამ მცდელობას იმგვარად შეფუთავდნენ, რომ წინგადადგმულ ნაბიჯად წარმოჩინდებოდა. თუმცა, ამ მიზანს ვერ მიაღწიეს, მათი სურვილი ყველასთვის ცხადი გახდა და ზეწოლაც გაიზარდა. მმართველი გუნდი მიხვდა, რომ რეალური პროპორციული სისტემით მომდევნო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღწევა გაუჭირდებოდა.

ამ საკონსტიტუციო პროცესის დაწყება არარაციონალური იყო - სისტემა, რომელიც უკვე არსებობდა, მათ სასიკეთოდ მუშაობდა. პრეზიდენტის ინსტიტუტის სახით ერთადერთი უხერხულობა ჰქონდათ და ეს ვერ მოითმინეს. ჰქონდათ კონსტიტუცია, რომელიც უბრალო უმრავლესობის მქონე პოლიტიკურ ძალას პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ძალიან დიდ ძალაუფლებას აძლევდა. შეეძლოთ, ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციის ყველა ნაკლი წინა ხელისუფლებისთვის დაებრალებინათ. ახლა კი მათ აქვთ კონსტიტუცია, რომელიც არსებითად ბევრს არაფერს ცვლის, ოღონდ ყველა ამ დეფექტზე თვითონ არიან სრულად პასუხისმგებლები.

სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები კონსტიტუციაში

საარჩევნო რეფორმის გარდა კონსტიტუციაში შევიდა კიდევ რამდენიმე ცვლილება, რომელმაც ასევე გამოიწვია ვნებათაღელვა, მაგალითად ჩანაწერი ქორწინების, ასევე მიწის გასხვისების შესახებ. თქვენი შეფასებით, რა მიზანს ემსახურებოდა ხელისუფლების ეს ინიციატივები?

ქორწინების და მიწის შესახებ ჩანაწერები იყო სრულად პოპულისტური ნაბიჯი. მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ რაღაცას ცვლიან და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ, თუნდაც მათი ელექტორატის იმ ნაწილის თვალში, რომლისთვისაც ნაციონალისტური პოპულიზმი მნიშვნელოვანია. სოციალური სახელმწიფოს შესახებ ჩანაწერიც მიმართული იყო მემარცხენე ჯგუფების გულის მოსაგებად. როდესაც პროექტს ლეგიტიმაციის კრიზისის პირობებში აკეთებ, ცდილობ, რომ დამატებით პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების მხარდაჭერის მობილიზაცია მოახერხო.

რა კონკრეტული უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ ჩანაწერებმა?

კონკრეტული უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი ექნება მიწის შესახებ ჩანაწერს. კატეგორიულად მიუღებელია ქორწინების შესახებ ჩანაწერიც, რადგან ხელს უშლის საზოგადოების განვითარებას. კონსტიტუცია ამბობს, რომ ქორწინებას განიხილავს ყოველთვის ამგვარად. რეალურად ქორწინების ინსტიტუტს კონსტიტუციით განსაზღვრება კი არა, კონსტიტუციით დაცვა სჭირდება. მმართველ გუნდს აქვს ამბიცია, ოჯახი და ქორწინება განსაზღვროს. მათ მიაჩნიათ, რომ რადგან ამომრჩეველთა ნახევრის მხარდაჭერით და საარჩევნო სისტემის გამოისობით მანდატების სამი მეოთხედი მიიღეს, შეუძლიათ კონსტიტუციის შიგნით ყველა და ყველაფერი განსაზღვრონ, მათ შორის ის, თუ როგორი არის და უნდა იყოს ოჯახი და ქორწინება, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტი. გაუგონარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როგორც ადამიანის უფლებათა, ისე დემოკრატიის კუთხით.

კონსტიტუციის პროექტს აკრიტიკებენ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები და რელიგიის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციებიც. ისინი მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტით შესუსტდა ჩანაწერი რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ, გაძლიერდა დომინანტი რელიგიური გაერთიანების პრივილეგირებული პოზიცია და გაჩნდა რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარობის დაცვის სტანდარტების გაუარესების რისკები. ეთანხმებით მათ მოსაზრებას?

ყველაზე პრობლემური არის ეროვნული უშიშროების, ეროვნული უსაფრთხოების მითითება რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პოზიციაა, რომ ეს არ შეიძლება. ტერორიზმის ძალიან ზოგად საფრთხეებზე მითითება შეიძლება გახდეს ცალკეული ჯგუფების რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი, რაც დამატებით კითხვის ნიშნებს გააჩენს მომავალში. ასევე, მართლმადიდებელი ეკლესიის როლზე განსაკუთრებით მითითება ნიშნავს, რომ ვაღიარებთ მის განსაკუთრებულ როლს, რაც სახელმწიფოსგან გამიჯვნის კუთხით არის პრობლემური. ეს ყველაფერი აჩენს დამატებით კითხვებს მაშინ, როდესაც ისედაც ყველასთვის ცხადია, რომ კონსტიტუციურადაც, სახელმწიფოს პრაქტიკაშიც და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც მართლმადიდებლური ეკლესიის როლი ისედაც დომინანტური და გარანტირებულია.

ცვლილებების მიზანი და კონსტიტუციის სტაბილურობის მნიშვნელობა

რა არის მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანი, თქვენი აზრით, რის მიღწევას ცდლობს მმართველი გუნდი იმით, რომ ასე მოკლე დროში შეიტანა ცვლილებები ქვეყნის მთავარ დოკუმენტში?

ცვლილებების შინაარსიდან და უკვე ორი მოსმენით მიღებული პროექტიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიზანი იყო ორი: 1. რომ საზოგადოებაში უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერის მქონემ უფრო მარტივად შეძლოს სრული პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვება გადაუნაწილებელი მანდატების მითვისებით; 2. შესუსტდეს უხერხული შემაკავებელი მექანიზმები - პრეზიდენტის ინსტიტუტი. მართალია, ვერ ვიტყვით, რომ პირდაპირი გზით არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთპალატიანი პარლამენტის უმრავლესობის ძალაუფლების სრულფასოვანი შემაკავებელი მექანიზმი იყო, თუმცა, საკონსტიტუციო უმრავლესობას უხერხულობას მაინც უქმნიდა. ამიტომ მოიცილეს და საპარლამენტო რეჟიმებისთვის დამახასიათებელი სხვა მექანიზმებით ჩაანაცვლეს. ეს მექანიზმები საპარლამენტო ოპოზიციისთვისაა გათვალისწინებული, მაგრამ როდესაც მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემის წყალობით აბსოლუტურ ძალაუფლებას ინარჩუნებს, პარლამენტს შიგნით ძლიერი ოპოზიცია ვერ იარსებებს, ამიტომ ამ მექანიზმების არსებობაც აზრს კარგავს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონსტიტუცია ძირეულად იცვლება, მასშტაბური საკონსტიტუციო რეფორმა 2010 წელსაც განახორციელა და ახლაც ამ პროცესში ვმონაწილეობთ. თქვენი აზრით, რატომ ხდება ასეთი ხშირი ცვლილება, რა ტიპის სახელმწიფოებისთვის არის ეს დამახასიათებელი და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი სტაბილური იყოს?

ცვლილებების სიხშირე მაინცდამაინც კონსტიტუციურ არასტაბილურობაზე არ მიუთითებს. უბრალოდ, ჩვენ შემთხვევაში ცვლილებები არ შეესაბამება ხოლმე პოლიტიკური სისტემის მოწყობას. ამიტომ, როდესაც კონსტიტუციაში მოცემული შეზღუდვები მათთვის არახელსაყრელია, ცდილობენ, მათი მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნების შესაფერისად გადაწერონ. 1995 წლის შემდეგ ამისი ნათელ დასტურებს ვხედავთ. კონსტიტუციური სტაბილურობა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც ინსტიტუტები მყარ საფუძვლებს შეიძენენ საზოგადოებასა და ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, იარსებებენ არა მხოლოდ ტექსტში, არამედ მის მიმართ პატივისცემა ექნებათ მათში მოქმედ პოლიტიკოსებსაც.