ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაყოფა

ელენე ხოშტარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაყოფას აფასებს

facebook.com/pg/tbilisimayor

ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარია ტელეკომპანია იბერიას ეთერში აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაყოფას. 

ჟურნალისტის ნათქვამზე, რომ მისი სახელი ასოცირდებოდა მიხეილ სააკაშვილს და შემდეგ მან ექსპრეზიდენტს უღალატა, ელენე ხოშტარია პასუხობს:

"ჩემი სახელი უკავშირდება იმ იდეას, რომელსაც ემსახურებოდა სააკაშვილი და მთელი გუნდი, რომელთანაც მე თავიდანვე ვმუშაობდი არაპოლიტიკურ თანამდებობაზე, მაგრამ იმ საკითხებზე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო საპატრულო რეფორმა, შემდეგ NATO-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია, წლების განმავლობაში ამაზე ვმუშაობდი და მე, ზოგადად, მგონია აბსოლუტურად არასწორი ადამიანზე მიწეპება, იდეის ერთგულებაა ყველაზე მნიშვნელოვანი". 

ხოშტარია ამბობს, რომ ის ბევრ რამეს სცემს პატივს, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, თუმცა ამასთან, იყო შეცდომებიც, რომელზე პასუხისმგებლობასაც თვითონაც იღებს. 

"ბევრი შეცდომა დავუშვით, ხელს არ გავიშვერ იმიტომ, რომ მეც იმ ხელისუფლებაში ვიყავი და მეც ვფიქრობ, რომ ჩვენ საერთო პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ, რაც არ უნდა დაბალი ყოფილიყო ეს პასუხისმგებლობა,"- ამბობს ელენე ხოშტარია.

რატომ დაიშალა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა? ხოშტარია ამას შემდეგნაირად აფასებს:

"რაღაც მომენტში, ჩვენი გზები გაიყარა პრინციპების გამო, მათ შორის წარსულის შეფასების გამო, მათ შორის მომავლის ჩვენეული ხედვის გამო".

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანი მიიჩნევს, თითქოს ეს გაყოფა ხელოვნურია და სინამდვილეში მაინც ერთად არიან. კითხვაზე, მოუსმენია თუ არა მას ეს შეფასება, ხოშტარია პასუხობს, რომ ყველანაირი ვერსია მოუსმენია, მათ შორის სიტყვათა შეთანხმება "ევრო ქოცებიც" და "ადამიანებს აქვთ სრული უფლება, რომ ეს კითხვები გაუჩნდეთ".

"ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამ კითხვებზე გავცეთ პასუხი და ჩვენ არ დავიღლებით, რამდენადაც დრომოჭმული არ უნდა დავარქვათ ამას, იმის ახსნით, რატომ მოხდა ეს გაყოფა,"- ამბობს ხოშტარია. 

ამ თემაზე საუბრის ბოლოს კი აღნიშნავს, რომ ყველაზე სწორია, იყო პრინციპებისა და იდეის ერთგული და არა ნებისმიერი ადამიანის.

"იმიტომ, რომ ადამიანი კი არ არის მთავარი, არამედ ის, რას აკეთებს ეს ადამიანი".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2017 წლის იანვარში გაიყო. პარტიის ლიდერშიფმა ენმ დატოვა და ახალი პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" ჩამოაყალიბა. 

კომენტარები