დავით კეზერაშვილი

ნიშნავს თუ არა გამამართლებელი განაჩენი ხელისუფლებასთან „გარიგებას"

11 სექტემბერს ენმ-ის პოლისაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას, მილიონები „ყაჩაღობითა და ძარცვით“ იშოვა, ახლა კი „ივანიშვილის დასტურით“ ევროპულ საქართველოს აფინანსებს.

ამ ხმაურიანი განცხადების შემდეგ, ტაბულა შეეცადა, გაეგო, ეთანხმებიან თუ არა პარტიის სხვა წევრები მათივე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ბრალდებებს, თუმცა უშედეგოდ - პარტიას ოფიციალური პოზიცია არ გამოუხატავს, მისი ცალკეული წევრების დიდი უმრავლესობა კი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

მედიას ამ საკითხზე მოკლე კომენტარი პარტიის წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა მისცა. ტელეკომპანია პირველის ეთერში მან თქვა, რომ ნიკა მელიას „ემოციური“ გამოსვლა „პროკურატურისა და ბატონი კეზერაშვილის  ერთმანეთთან დალაგებამ“ განაპირობა. მოგვიანებით იგივე გაიმეორა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა ხატია დეკანოიძემ.

„დალაგების“ არგუმენტად ბიბილაშვილმა გამამართლებელი განაჩენები დაასახელა: „ივანიშვილის სასამართლომ, სადაც ზოგადად სამართლის პოვნა შეუძლებელია, მას ყველა პრობლემა და ყველა ბრალდება მოუხსნა“ - თქვა მან.

ტაბულა დაინტერესდა,  2012 წლის შემდეგ ბრალდებული მრავალი ყოფილი მაღალჩინოსნის და ენმ-სთან დაახლოებული პირისგან, კიდევ ვის გამოუტანა გამამართლებელი განაჩენი ქართულმა სასამართლომ:

საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენჯერმე გაამართლა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც სხვა საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენით, პატიმრობაშია.

მათ შორის, 2013 წლის ოქტომბერში ბაჩო ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა სპეცრაზმელების წამების და წამების ორგანიზების საქმეზე, სადაც ეს უკანასკნელი შვიდ პირთან ერთად იყო ბრალდებული. გამამართლებელი განაჩენი უცვლელი დატოვა მეორე ინსტანციის სასამართლომაც.

2013 წლის დეკემბერში საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაია კიდევ ერთ საქმეში გაამართლა. საქმე სამ ბრალდებას მოიცავდა: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება - ე.წ ვაშლის თლის ეპიზოდი,  ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და  სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცთა წამება. საქალაქომ და შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ახალაია სამივე ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.

გარდა ამისა, ბაჩო ახალაია ნაწილობრივ გამართლდა ე.წ ციხის ბუნტის საქმეზე. ის, სხვებთან ერთად, დამნაშავედ ცნეს დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ჩადენისთვის.  ამავე ეპიზოდში, სამსახურებრივი უფლებამოსილების დამამძიმებელ გარემოებებში გადამეტების ბრალდება, მოუხსნეს. ამავე განაჩენით, სასამართლომ  ახალაია და მეგის ქარდავა გაამართლა მეორე დამოუკიდებელ ეპიზოდში, რომელიც ეხებოდა ერთ-ერთი მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკანონოდ გაყვანას.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ასევე გაამართლეს ბაჩო ახალაიას მამა როლანდ ახალაია. დეპუტატ როლანდ ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდნენ. განაჩენი უზენაესმა სასამართლომ შეცვალა და ახალაიას 30 ათასი ლარი ჯარიმა დააკისრა.

პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლომ საქმის ყველა ნაწილში გაამართლა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია. გვარამიას ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებას, ასეე ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით დანაშაულებრივი სქემის შემუშავებასა და განხორციელებას ედავებოდა.

შსს–ს ყოფილი თანამშრომელი და ამჟამად ენმ-ის წევრი გოგა ონიანი, რომელიც 2014 წლის თებერვალში დააკავეს, წინასწარი პატიმრობიდან მალევე 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გამოძიება მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ასევე განზრახ უკანონო დაკავებას ედავება.

2015 წლის თებერვალში ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს დავით კირკიტაძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.

პატიმრობაში არ დარჩნენ ენმ-ის აქტივისტები, პარტიის წევრების ან მისი მხარდამჭერი საჯარო პირების ოჯახის წევრები:

მათ შორის, პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის შვილს, თორნიკე კოპალეიშვილს. იგი ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით იყო დაკავებული.

წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი, რომელიც ასევვე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს ქუთაისში აქციაზე დაკავებული თავისუფალი ზონის წევრები. ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახაბერ გაბუნია, რომლებიც 2016 წლის 3 ოქტომბერს დააკავეს, 25 დეკემბერს 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საბოლოოდ საქმე განრიდებით დასრულდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ  სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს თავად პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდმარის, ნიკა მელიას წინაღმდეგ. ე.წ. ქართუ ბანკის საქმე 2013 წელს დაიწყო, მელია არცერთ ეტაპზე არ დაუკავებიათ.

ტაბულა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების აზრითაც დაინტერესდა, რომლებსაც პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის დირექტორი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ პოლიტიკურ პატიმრად მიჩნეული პირის კონკრეტულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მის მიმართ ინტერესი აღარ აქვს.

„ის, რომ რომელიმე პირის მიმართ შესაძლებელია რომელიმე საქმეზე დადგეს გამამართლებელი განაჩენი, ბუნებრივია, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მის მიმართ ინტერესი დაკარგა, თუკი მანამდე ის პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდა. ან პირიქით - თუ რომელიმე პირი პატიმრობაშია, ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ ის პოლიტპატიმარია, თუნდაც ის პოლიტიკოსი იყოს. ასე რომ, ეს ორი საკითხი ერთმანეთთან პირდაპირ კორელაციაში არ არის. პირი გამართლდა თუ არა, არ უკავშირდება იმას, ის პოლიტიკურად დევნილი ან პოლიტპატიმარი იყო თუ არა. შეგვიძლია გავიხსენოთ რამდენიმე საქმეც, რომლებზეც არსებობს პოლიტიკური მოტივების სერიოზული ეჭვები, მაგრამ ეს პირი გარკვეულ საქმეებში გამართლდა. მაგალითად, გავიხსენოთ ბაჩო ახალაიას , ასევე ბევრი სხვა საქმე, რომლებზეც გამამართლებელი განაჩენი დგებოდა და პროკურატურა აგრძელებდა ახალახალი ბრალის წაყენებას, რომ ისინი პატიმრობაში დაეტოვებინა“, - ამბობს მშვენიერაძე.

დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ამ ეტაპზე ორის სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ქართულმა სასამართლომ ის სამ სხვა საქმეში ცნო უდანაშაულოდ. საქართველომ კეზერაშვილის ექსტრადირება ორ ქვეყანას სთხოვა - 2013 წელს მის გადმოცემაზე უარი საფრანგეთმა თქვა, ფრანგულმა სასამართლომ მიზეზად საქმეში შესაძლო პოლიტიკური მოტივი დაასახელა. იმავე მიზეზით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ექსტრადირებაზე უარი თქვა დიდმა ბრიტანეთმაც. 2015 წლის ივლისში კი, კეზერაშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიიდანაც ამოიღეს.

კომენტარები