სირია

ლიბიაში 3 ქართველი მეზღვაური დააკავეს

ლიბია
Reuters

ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემის 11 წევრი დააკავეს, რომელთაგან 3 ქართველი მეზღვაურია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მამუკა ახალაძის განცხადებით, დაკავების მიზეზი, სავარაუდოდ, არალეგალური ნაოსნობა და არალეგალური ტვირთის გადაზიდვა გახდა. მისივე თქმით, სააგენტოს გემის კაპიტნის გენადი კომახიძის ოჯახმა მიმართა და უთხრა, რომ ეკიპაჟის წევრები 30 აგვისტოს დააკავეს.

„სააგენტოში შემოვიდა განცხადება მოქალაქისგან, სადაც ის იტყობინებოდა მათი ოჯახის წევრის, მეზღვაურის, გემის კაპიტნის დაკავებას ლიბიაში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 30 აგვისტოს, ლიბიის ტერიტორიულ ზღვაში დააკავეს გემი, სახელწოდებით „რექსი,“ რომელზეც იმყოფებოდა ეკიპაჟის 11 წევრი და სამწუხაროდ სამი ქართველი მეზღვაური. გემი დააკავა ლიბიის სანაპირო დაცვამ, ე.წ. ცხელ კვალზე დევნის პრინციპით და სავარაუდოდ საქმე ეხება არალეგალურ ნაოსნობას და არალეგალურ ტვირთს. ეკიპაჟის 11-ვე წევრი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც ამჟამად გადაყვანილნი არიან ციხეში და მიმდინარეობს მოკვლევა,“-განაცხადა ახალაძემ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით,საზღვაო სამსახურმა მოლაპარაკებები ტანზანიის შესაბამის სამსახურთან უკვე დაიწყო.

კომენტარები