მუქარა

ვალერი ხაბურძანია Facebook- ის მომხმარებელს ვიდეოს გაზიარების გამო ემუქრება

უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია, Facebook-ის მომხმარებელ თამუნა ყურაშვილს ვიდეოს გაზიარებისთვის ემუქრება.

ვიდეოში ვალერი ხაბურძანია ზაზა გაბედავას დაბადების დღეზე იმყოფება, სადაც ის ცეკვავს და მღერის. ხაბურძანიას ვოკალური და ქორეოგრაფიული შესაძლებლობების ამსახველი ვიდეო Youtube-ზე საჯაროდ დევს.

უშიშროების ყოფილმა მინისტრმა თამუნა ყურაშვილს მუქარის ტექსტი Facebook- ზე მისწერა. ხაბურძანია მისგან ვიდეოს წაშლას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, წერს, რომ "დაუკრეფავს ის აჩვენებს". ხაბურძანია მომხმარებელს ასევე სწერს, რომ პასუხს "სარკისებურად მიიღებს" და "თუ მოიცლის, მთელი მისი ოჯახი დაიდება".

ფოტო: facebook.com/tamuna.kurashvili.3

 

ამასთან, ხაბურძანია ყურაშვილს სწერს, რომ მას პროკურატურაში სირბილი მოუწევს. 

 

ფოტო: facebook.com/tamuna.kurashvili.3

 

თავად ვალერი ხაბურძანია თამუნა ყურაშვილის მიმართ მუქარის ფაქტს უარყობს.

"დიდად დაფასებული ვარ თქვენის ყურადღებით ჩემი სარესტორნო საქმიანობის (თამადობა, ცეკვა-სიმღერა, ეს ორი ნამდვილად ცუდად გამომდის) გამო, მაგრამ არ შემიძლია არ მიგითითოთ იმ სიცრუეზე რასაც თქვენ ამ ვიდეოთი ფარავთ და რაღაც მუქარებს მიმაწერთ ვინმე ფბ-მომხმარებელ-ქალ (ამას ხაზს უსვამთ) თამარ (ალბათ) ყურაშვილის მიმართ. თამარ ყურაშვილმა დადო ვიდეო სადაც მე დაბადების დღეზე ნასვამი ვცეკვავ და ვმღერი (ცუდად მაგრამ ამის უფლება მაქვს), მაცვია Moschino-ს ბრენდის პერანგი რომელზედაც მიხატულია დოლარები(მაჩუქეს და მომეწონა კიდეც). ეს გახდა ქილიკის საგანი და მე ფბ-მომხმარებელ-ქალ ყურაშვილს შევპირდი რომ ჩემგანაც იქნება ადექვატური პასუხი დაცინვების სახით და ვვარაუდობ რომ იგი არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენია და მოვახდენ მისი ბიზნესის საგადასახადო შემოწმების ინიცირებას (ამის უფლებაც მაქვს). ამის შემდეგ ფბ-მომხმარებელ-ქალმა ყურაშვილმა დადო ე. წ. ქოუბი ჩემი ცეკვით ერთ-ერთ ქალბატონთან და მის გვერდზე დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის შეურაცხყოფა, რაზეც მივწერე რომ ამას არ იკადრებდა უკანასკნელი ქუჩის ქალი(უკაცრავად ქუჩის ქალებთან)."- გვწერს ვალერი ხაბურძანია.

კომენტარები