Google

სამმა ყოფილმა თანამშრომელმა ქალმა Google-ს სექსიზმის გამო სასამართლოში უჩივლა

AFP

სამმა ქალმა, რომლებიც გუგლში მუშაობდნენ, ტექნოლოგიის გიგანტის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს. ისინი კომპანიას ბრალს გენდერულ დისკრიმინაციაში სდებენ და ამბობენ, რომ გუგლი ერთი და იმავე სამუშაოსთვის ქალებს კაცებზე ნაკლებს უხდის. ქალების სარჩელი სან ფრანცისკოს სასამართლოშია შეტანილი. ქალებმა გუგლი, მათი თქმით, სექსისტური კულტურისა და მიდგომების გამო დატოვეს.

მომჩივანთა თქმით, გუგლში დასაქმებული ქალები თავიანთ კაც კოლეგებთან შედარებით კარიერული ზრდის კუთხითაც გაცილებით მეტ წინააღმდეგობას აწყდებიან და მაღალ თანამდებობებს გაცილებით იშვიათად და რთულად იკავებენ. ქალები სარჩელში მიუთითებენნ, რომ 2005-დან 2016 წლამდე, სანამ ისინი კომპანიაში მუშაობდნენ, გუგლი ქალების დისკრიმინაციას ახდენდა და ამას ახლაც განაგრძობს.

მომჩივანი ქალები სასამართლოს სთხოვენ, კომპანია დაავალდებულოს, ერთი და იმავე სამუშაოსთვის ქალებსა და კაცებს თანაბარი ანაზღაურება მისცეს.

ერთ-ერთმა მომჩივანმა, კელი ელისმა თავის ტვიტერზე დაწერა: "ჩემი იმედები გუგლის წინააღმდეგ სარჩელთან დაკავშირებით: ვაიძულო არა მხოლოდ გუგლი, არამედ სხვა კომპანიებიც, შეცვალონ თავიანთი პრაქტიკა და ყველას თანაბრად გადაუხადონ". 

გუგლის ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომელთა 70%-ს კაცები შეადგენენ, კაცები იკავებენ ხელმძღვანელი თანამდებობის 80%-საც. 

 

კომენტარები