ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის თავზე რაკეტა გაუშვა, რომელსაც გუამამდე მიღწევა შეუძლია

Reuters

დღეს დილით იაპონიის თავზე კიდევ ერთმა ჩრდილო კორეულმა ბალისტიკურმა რაკეტამ გადაიფრინა. რაკეტამ 3,700 კილომეტრი დაფარა და ჰოკაიდოს აღმოსავლეთით ზღვაში ჩაეშვა.

იაპონიაში მოსახლეობა რაკეტის შესახებ კვლავ სირენებით და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით გააფრთხილეს. იაპონიის პრემიერ მინისტრმა, სინძო აბემ განაცხადა, რომ იაპონია არ შეეგუება მსგავს საშიშ და პროვოკაციულ ქმედებებს.

რაკეტის გაშვებიდან რამდენიმე წუთში სამხრეთ კორეამ საპასუხოდ ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმის სიმულაცია განახორციელა და ორი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა.

29 აგვისტოს იაპონიის თავზე გადაფრენლმა რაკეტამ 2,700 კილომეტრი დაფარა და მაშინ ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ შემდეგი რაკეტის სამიზნე გუამი იქნებოდა. გუამი ჩრდილოეთ კორეიდან 3,400 კილომეტრში მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს რომ დღეს გაშვებულ რაკეტას მის ტერიტორიამდე მიღწევა შეეძლო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა დაგმო ჩრდილოეთ კორეის ქმედება. ამერიკისა და იაპონიის მოთხოვნით პარასკევს გაეროს უშიშროების საბჭო საკითხის განსახილველად შეიკრიბება. კვირის დასაწყისში გაერომ ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა.

კომენტარები