ოჯახში ძალადობა

"ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონა" - ქალთა კვლის ანატომია საქართველოში

ხატია ღოღობერიძე
0 კომენტარი

ძალადობის წინაშე დაუცველი ქალები - გულგრილი სახელმწიფო და უტყვი საზოგადოება

6 სექტემბერს, დილით, ჭავჭავაძის გამზირზე, ქმარმა ცოლის მოკვლა სცადა. თვითმხილველების თქმით, კაცი მასთან სამსახურში მივიდა და შელაპარაკების შემდეგ, დანით გაიწია. ქალმა, რომელიც დაცვის სამსახურში მუშაობს, თავის დაცვა სცადა. ქმარს აკავებდნენ იქ მყოფი ადამიანებიც, თუმცა მან ცოლისთვის ზურგში დანის რამდენჯერმე დარტყმა მაინც მოახერხა, შემდეგ კი იმავე დანით თვითდაზიანებები მიიყენა.

ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კაცი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
-----
 
ქალი მოკლეს აგვისტოში, ყაზბეგში. ბრალდებული ქმარია.

ქალი მოკლეს ივლისშიც, თბილისში.

ქალი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს აფხაზეთში ივნისში.

მაისში ქალები ორთაჭალასა და ბოლნისში მოკლეს.

ქალები მოკლეს თბილისსა და ასპინძაში აპრილში. თბილისში, გამოძიების ვერსიით, ოთხი შვილის დედა ყოფილმა ქმარმა გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მოკლულის შვილმა "რუსთავი 2"-ს უთხრა, რომ სიკვდილამდე დედამისმა პოლიციას არაერთხელ მიმართა, თუმცა სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია:

"მუდმივად შიშის ქვეშ ცხოვრობდა. პოლიციას მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა, მკვლელი დიდი ხანია ციხეში იქნებოდა. თავადაც შევესწარი, როცა ფეხმძიმე დედას სცემდა. პოლიციას ყოველ ჯერზე ვრთავდით საქმეში, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია."

ასეთ ისტორიებს მოკლულების ან დაჭრილების ოჯახის წევრებისგან არაერთხელ მოისმენთ. ხშირად, ძალადობაზე ბევრმა იცის, ამჩნევენ ნიშნებს, მაგრამ "სხვის საქმეში" არ ერევიან. იშვიათად, პოლიციას ატყობინებენ, თუმცა, არაერთი შემთხვევა გვაჩვენებს, რომ სამართალდამცავები ოჯახში ძალადობის საქმეებს სათანადოდ ვერ უმკლავდებიან - ზოგჯერ გულგრილობის, ზოგჯერ კი არაპროფესიონალიზმის გამო.

არაეფექტური რეაგირება

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ისეთი საქმეები შეისწავლა, სადაც მკვლელობამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალადობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ

"შესწავლილი საქმეებიდან განსაკუთრებით შემაშფოთებელია ქალის განზრახ მკვლელობის ის შემთხვევა, როდესაც ოჯახში არსებული ძალადობის შესახებ შეტყობინება პოლიციის ორგანოში მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე შევიდა, თუმცა დანაშაულის პრევენცია ვერ მოხერხდა", - უთხრა ტაბულას სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა, ანა ილურიძემ.

მისი თქმით, შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს უჭირთ გენდერული ნიშნით ძალადობის იდენტიფიცირება, განსაკუთრებით, ფსიქოლოგიური ძალადობისა და მუქარის გამოვლენა, აქცენტი კი მხოლოდ თვალით ხილულ ფიზიკურ დაზიანებაზე კეთდება და რეაგირებაც სწორედ მაშინ ხდება თუ მოძალადემ მსხვერპლი უკვე ფიზიკურად იმსხვერპლა ან დააზიანა.

ილურიძემ ისიც თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გულგრილობას შეტყობინების გაუქმებით ხსნის, ისე, რომ არც კი ინტერესდება, რატომ გააუქმა მსხვერპლმა შეტყობინება. ილურიძის აზრით, სამართალდამცავი უწყება უნდა დაინტერესდეს, ამის მიზეზი მოძალადის მიმართ შიში ან მუქარა ხომ არაა.

"განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემთხვევებს, როდესაც სამართალდამცავ უწყებაში მსხვერპლს რამდენიმე შეტყობინება არის შესული და ზოგიერთ მათგანზე რეაგირებაც უკვე იყო. ასეთ პირობებში, თუ მსხვერპლი მორიგი ძალადობის შესახებ ატყობინებს და მოგვიანებით შეტყობინებას აუქმებს, სამართალდამცავი უწყება აღარ სწავლობს საქმეს. 

ეს იმაზე მიუთითებს, რომ მსხვერპლის თითოეული მიმართვა სამართალდამცავთა მიერ განიხილება, როგორც ცალკე აღებული შემთხვევა და ოჯახში ძალადობის სისტემატურობას და განგრძობადობას არ ითვალისწინებენ", - ამბობს ანა ილურიძე.

ქალთა მოძრაობის აქტივისტის, იდა ბახტურიძის თქმით, ხშირად, პოლიციასთან ურთიერთობის შემდეგ მსხვერპლისთვის არაფერი იცვლება.

"სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ფემიციდის ვერც აღკვეთას და ვერც პრევენციას. გაცხადებულ და დაანონსებულ მკვლელობებს ვერ აღკვეთენ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები. ძალიან ბევრ შემთხვევაში ირკვევა, რომ ამ ქალს, მოკლულ ქალს ან დასახიჩრებულ ქალს, არაერთხელ შეუტყობინებია მანამდე პოლიციისთვის, რომ ემუქრებოდნენ, მაგრამ პოლიციამ ვერ შეაჩერა დანაშაული. ეს არის მასშტაბური პრობლემა" - ამბობს იდა.

ის ამ თემებზე მუშაობს და არაერთ მსხვერპლთან ურთიერთობს.

"ვიგებთ, რომ პოლიციასთან კომუნიკაციის შემდგომ მათ ცხოვრებაში არა მხოლოდ არაფერი იცვლება, პირიქით, იზრდება რისკი, რომ დაჩქარდეს ძალადობა, რადგან ქალის პოლიციაში მისვლა გახმაურდა. სახელმწიფო და პოლიცია საერთოდ ვერ და არ იცავს ქალს.

ეს არის პოლიტიკური ნების არარსებობისგან გამოწვეული პრობლემა, იმიტომ რომ გვახსოვს და ვიცით, რომ ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს შეუძლიათ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, დანაშაულთან წარმატებით ბრძოლა. საჭიროა სისტემური ცვლილებები.დღეს ასეთი ცუდი გამოცდილება გვაქვს რეაგირება იწყება მაშინ, როცა ქალი მოკლულია", - თქვა იდამ.
 
მისივე თქმით, რეაგირება არასაკმარისია მკვლელობის შემდეგაც, რადგან უმეტეს შემთხვევაში წარდგენილი ბრალი ჩადენილი დანაშაულის ადეკვატური არ არის.

"თქვენ შეხვდებით საქმეებს, სადაც მოკლული ქალის შემთხვევაში სასჯელს მისი ქმარი ან პარტნიორი, მკვლელი, იხდის განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების მუხლით და არა, განზრახ მკვლელობის მუხლით", - ამბობს აქტივისტი.

მოსაზრებას, რომ ოჯახში ძალადობაზე დროულად და ეფექტურად არ რეაგირებენ, არ ეთანხმებიან საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტოში. უწყების ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის სამდივნოს უფროსი, მაკა ფერაძე ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთერთი პრიორიტეტია და სამართალდამცავები ნებისმიერ მსგავს შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოქმედებენ.

"გამიჭირდება დავეთანხმო მოსაზრებას, რომ არ ხდება რეაგირება ან შეიძლება იყოს დაგვიანებული. არის ერთეული შემთხვევები, სადაც ალბათ შესაძლებელი იყო ძალადობის დროულად აღკვეთა. თუმცა, უამრავი წარმატებული შემთხვევაა, როდესაც ფატალური თუ გაუარესებული მდგომარეობა თავიდან იქნა აცილებული, რადგან სამართალდამცავები დროულად და სწორად ჩაერივნენ," - თქვა ფერაძემ.

მისივე თქმით, ოჯახში ძალადობის მიმართულებით ბოლო რამდენიმე წელია უკვე აქტიურად მუშაობენ.

"ნებისმიერ შეტყობინებაზე, იქნება ეს ცხელ ხაზზე, 112-ზე დარეკვით, საჯარო სივრცეში გაცხადებით, თუ უბრალოდ თვითმხილველის ან ანონიმური განცხადებით, დაუყოვნებლივ ვრეაგირებთ. 2013 წლიდან დღემდე გაზრდილია შემაკავებელი ორდერების რაოდენობა, ისევე როგორც დაწყებული გამოძიებების რაოდენობა. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობის ნდობა პოლიციისადმი გაზრდილია და სამართალდამცავების რეაგირება ადეკვატურია", - ამბობს ფერაძე.

მისივე თქმით, სამართალდამცავებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები უტარდებათ, რომლის მიზანიცაა ჰქონდეთ მგრძნობელობა და იცნობდნენ სამართლებრივ მექანიზმებს, რათა ზუსტად იცოდნენ რა სიტუაციაში როგორ მოიქცნენ.

ფერაძე ამბობს, რომ ყოფილა არაეფექტური რეაგირების გამო პოლიციელის მიმართ დისციპლინარული ღონისძიებების გამოყენების შემთხვევებიც. შესაბამისი სტატისტიკა მას არ აქვს. ტაბულამ ინფორმაცია შსს-ის გენერალური ინსპექციიდან გამოითხოვა და პასუხს ამ დრომდე ელოდება.

"ოჯახში ძალადობის შემთხვევებში პოლიციელებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა მოქალაქეების მხრიდან თანამშრომლობის სურვილის არქონაა, რომლებიც ხშირად ბიუროკრატიულ პროცედურებს თავს არიდებენ", - ამბობს მაკა ფერაძე და ამატებს, რომ პოლიციასთან არ თანამშრომლობენ არც ძალადობის სავარაუდო მსხვერპლები.

"ამ ვითარებაში, როცა პოლიციას არ აქვს შესაბამისი არც ჩვენება და არც მტკიცებულება, წარმოუდგენელია მან დაამტკიცოს, რომ იყო ძალადობა, გამოკვეთოს მსხვერპლი ან მოძალადე და იმოქმედოს იმ მანდატის ფარგლებში, რაც გააჩნია. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა პოლიციელებისთვის", - ამბობს მაკა ფერაძე.

თუმცა, სამართლებრივად, იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელს აქვს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის შესახებ, მაგრამ მსხვერპლი ან თვითმხილველი ჩვენებას არ აძლევს, მოკვლევა მაინც უნდა დაიწყოს. მოკვლევის პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში კი, გამოძიება.

"სისხლის სამართლის დანაშაული, მათ შორის ოჯახში ძალადობა, არ არის კერძო დევნა, ეს არის საჯარო დევნა. საჯარო დევნა არაა დამოკიდებული იმაზე, ვინმემ გადაიფიქრა, ან უნდა თუ არა. როგორც კი სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის ცნობილი ხდება, რომ დანაშაული მოხდა ან სერიოზული ნიშნები იკვეთება, უნდა გამოიძიოს. გამოძიება იმისთვის არსებობს, რომ სხვა სამხილებიც შეგროვდეს, მხოლოდ მსხვერპლის ან აღიარებით ჩვენებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ეს კომპონენტი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ამით არ ეწყობა სისხლის სამართლის საქმე. მნიშვნელოვანია ექსპერტიზის დასკვნებიც და სხვა სამხილებიც", - ამბობს ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ტაბულასთან.

მისივე თქმით, ძირითადი პრეტენზია, რაც ქალთა მოძრაობას სამართალდამცავების მიმართ აქვს, არის არაეფექტური რეაგირება იმ შემთხვევებზეც კი, როცა მსხვერპლი ძალადობას არ მალავს.

"ადეკვატური რეაგირება არ ხდება მაშინ, როცა მსხვერპლი საუბრობს ძალადობაზე. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში, აქ პოლიციელების ცნობიერება ბევრად უარესია, ვიდრე თბილისში", - ამბობს პატარაია.

გარდა ამისა, ქალთა მოძრაობის აქტივისტი ხაზს უსვამს კიდევ ერთ პრობლემას - როცა მსხვერპლები გამოძიების შემდგომ ეტაპზე აღარ ადასტურებენ ძალადობას. მისი თქმით, ეს მაშინ ხდება, როცა მოძალადე ახერხებს მათზე დამატებით იძალადოს, შეაშინოს და გააჩუმოს.

ფემიციდი

ფემიციდი (femicide) ქალებზე ძალადობის უკიდურესი გამოვლინებაა. ეს ტერმინი ქალებისა და გოგონების მკვლელობას (femi - ქალი, cide - კვლა) ნიშნავს. ფემიციდად ითვლება მამაკაცების მიერ ქალების მკვლელობა გენდერული ნიშნით. როგორც წესი, ეს არ არის იზოლირებული ქმედება, რომელიც ხდება მოულოდნელად. პირიქით, უმეტეს შემთხვევაში, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის განგრძობადი ქმედების საბოლოო აქტს წარმოადგენს.

ფემიციდის რისკ ფაქტორებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიკური ძალადობის ისტორიაა მოძალადესა და მსხვერპლს შორის. სხვა მნიშვნელოვან რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება ეჭვიანობა, ფიზიკური ან ეკონომიკური შეზღუდვები, კონტროლი და სოციალური იზოლაცია.

ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია "საფარის" კვლევის მიხედვით, ფემიციდის მსხვერპლი ქალების 70% სიკვდილამდე იყო პარტნიორების მიერ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

მკვლევრები, რომლებიც გენდერულად მოტივირებულ დანაშაულზე მუშაობენ ამბობენ, რომ განშორება ქალისთვის ყველაზე საშიში პერიოდია. განშორების პროცესში ძალადობის რისკის ზრდას განაპირობებს ქალის მიერ პარტნიორის მიტოვება, რაც კაცის მიერ აღიქმება, როგორც მისი პირადი გამოწვევა.ამის უკან მესაკუთრეობა დგას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თათა ცოფურაშვილი ამბობს, რომ ფემიციდს წინ უსწრებს ქალის დეჰუმანიზაცია.

"წინმსწრები ფაზა უხილავია, მაგრამ ყველაზე მეტადაა გავრცელებული. ამ დროს ხდება ადამიანის დეჰუმანიზაცია, საკუთარი თავის მეორეხარისხოვნად შეგრძნება, თითქოს არაფერს წარმოადგენ. ცხადია, ეს არის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმის განმაპირობებელი. შემდეგ კი ეს ქალები ფიზიკური ძალადობის ან ფემიციდის მსხვერპლები ხდებიან ხოლმე", - ამბობს ცოფურაშვილი.

მისი თქმით, პოლიცია მოქმედებს იმ ანდაზის მიხედვით - "ცოლ-ქმრის ჩხუბი სულელს ნამდვილი ეგონაო".

"ქართულ პოლიციას ამ ტიპის ძალადობის მიმართ მგრძნობელობა აკლია. ძალიან სპეციფიკური სიტუაცია იქმნება. ასეთ საქმეებში ადამიანები უცხოების წინააღმდეგ კი არა, ქმრის, შვილის, ძმის წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებებს, ვისთანაც აქვთ ემოციური კავშირი, ვინც უყვართ. ძალიან ხშირად, ინტერვიუებისას მსხვერპლ ქალს უთქვამს, რომ როცა პოლიციელი ეკითხება რა მოხდა, ვერ აძლევს ჩვენებას, რადგან ქმარს, ძმას ან შვილს ციხეში ვერ გაუშვებს" - იხსენებს ცოფურაშვილი.

"მე ხომ თვალებით ვეუბნები რა ხდება, მე ხომ თვალებით ვეუბნები, რომ დახმარება მჭირდება“, - ამბობენ ისინი და ეს დახმარება არის თუნდაც მსხვერპლისა და მოძალადის განცალკევება, ან შემაკავებელი ორდერის გამოწერა", - დაამატა ცოფურაშვილმა.

საზოგადოებაში უმეტესად ძალადობად მხოლოდ ფიზიკური ძალადობა ითვლება, ხშირად ესეც კი არ.

"ჩვენ ჩაკეტილი საზოგადოება ვართ და მიგვაჩნია, რომ პირად სფეროსთან დაკავშირებული ასეთი საკითხები არ უნდა გახმაურდეს. ასევე, მოქმედებს სტრეოტიპები ქალის როლის შესახებ და რელიგია, რომელიც საკმაოდ გავლენიანი ინსტიტუტია დღევანდელ ქართულ რეალობაში. ის ხელს უწყობს სწორედ ამ პატრიარქალური ღირებულებების და სტერეოტიპების გამყარებას.

ილია მეორეს ქადაგებები, რომლის მიხედვით ქალებმა სამსახურიდან მოსულ ქმრებს ფეხები უნდა დაბანონ, ოჯახს უნდა დაუთმონ მეტი ყურადღება და კარიერაზე უარი თქვან, უცხოეთში სამუშაოდ არ წავიდნენ და ა.შ., სადაც პირდაპირ მოწოდებაა, რომ ქალი ქმარს დაექვემდებაროს, იყოს მისი მოსამსახურე, არის ასეთი გზავნილი - იერარქიის გამომხატველი.

არჩევანი კარიერასა და ოჯახს შორის პატრიარქალური საზოგადოების გამამყარებელია და სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ძალიან ბევრ ქალს უწევს ამ არჩევანის გაკეთება. ის, რომ ქალი საერთოდ დგება ამ არჩევანის წინაშე, უკვე ნიშნავს, რომ საზოგადოების სოციალური სტრუქტურა არ არის სწორი და ამ საზოგადოებაში არის ძალიან ბევრი ბარიერი ქალისთვის, მისი თვითრეალიზაციისთვის", - ამბობს თათა ცოფურაშვილი.

ფემიციდი და კანონი

საქართველოს კანონმდებლობა ფემიციდის დეფინიციას არ იცნობს. ქალის მკვლელობის შემთხვევაში, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის სხვადასხვა მუხლი გამოიყენება.

საკანონმდებლო წინადადება ფემიციდის შესახებ მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ მეორედ დაარეგისტრირა, რადგან წინა მოწვევის პარლამენტმა მას მხარი არ დაუჭირა. თუმცა, საკანონმდებლო ორგანომ ამჯერად საერთოდ უარი თქვა ინიცირებაზე.ცვლილებები, რომლებსაც არასამთავრობო სექტორიც ეთანხმებოდა, ფემიციდის ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აღიარებას და მის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში მოქცევას ითვალისწინებდა.

პარლამენტის მსგავსად, ფემიციდის შესახებ კანონში ჩანაწერს არ ეთანხმებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ამ კუთხით კანონმდებლობას ხარვეზი არ აქვს და სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე პრიმა მუხლზე მიუთითებენ, რომლის მიხედვით, გენდერული დანაშული, ასევე დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, ისედაც დამამძიმებელი გარემოებაა.

"ყველა მუხლს აქვს თავისი პრევენციული ხასიათი. თუკი ჩვენ ზუსტად გვეცოდინება, რომ ფემიციდის მუხლს ექნება პრევენციული ხასიათი, მაშინ რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს. ამასთან დაკავშირებით გარკვეული მოკვლევა გაკეთდა ქვეყნებში, სადაც არის ეს მუხლი და ვერ გეტყვით, რომ გამოიკვეთა განსაკუთრებით სასიკეთო ტენდენციები, რომ ამ მუხლმა, როგორც პრევენციულმა, ისე იმუშავა" - ამბობს შსს-ს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის სამდივნოს უფროსი ტაბულასთან.

სპეციალური სტრუქტურული ერთეული

ერთერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც სახალხო დამცველი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევს, სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულის შექმნაა, რომელიც უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი გენდერული ნიშნით ჩადენილ და ოჯახში ძალადობის დანაშაულებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შსს-ში სპეციალური ქვედანაყოფის შექმნას, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობაზე და ოჯახში ძალადობაზე იმუშავებს, ითხოვს ქალთა მოძრაობაც.

"ეს მინიმუმ იმის გარანტიას მოგვცემს, რომ მსხვერპლთან შეხება არ ექნება ისეთ პოლიციელს, რომელსაც სპეციფიკურ თემაზე მუშაობის ელემენტარული ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნია. ეს არ არის ტიპიური და რიგითი დანაშაული,” - ამბობს ქალთა მოძრაობის აქტივისტი, იდა ბახტურიძე და ამატებს, რომ სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემურ ცვლილებებს არ გაატარებს, უნდა ველოდოთ “მინიმუმ რამდენიმე ათეულ მოკლულ ქალს წელიწადში, საკუთარივე ოჯახის წევრის მხრიდან - იქნება ეს ქმარი, სექსუალური პარტნიორი თუ ოჯახის სხვა წევრი მამაკაცი".

ფოტო: Pinterest

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე სპეციალური ერთეულის შექმნის საჭიროება არ არსებობს.

მაკა ფერაძის თქმით, უწყებაში მუშაობს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მათზე ეფექტური რეაგირების კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი. ის სწორედ იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებითაა დაკომპლექტებული, რომელთა უშუალო კომპეტენციაც არის ოჯახში ქალის მიმართ ძალადობაზე რეაგირება.

"კომისია, ფაქტიურად, ითავსებს, რასაც გვთავაზობს, როგორც ობუდსმენის ოფისი, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია. ამ წუთში ამის საჭიროება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს კომისია ასრულებს ამ ფუნქციას," - თქვა ფერაძემ.

სტატისტიკა

2017 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ქალის მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, თვითმკვლელობამდე, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის 14 შემთხვევაზე დაიწყო საქმის წარმოება. ამ საქმეებზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მედიით შეიტყო და მოკვლევა საკუთარი ინიციატივით დაიწყო.

"რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, საქართველოს სახალხო დამცველს ინფორმაცია პასუხისმგებელი უწყებებიდან მოთხოვნის მიუხედავად არ მიუღია", - უთხრეს ტაბულას ომბუდსმენის ოფისში.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რომელიც ტაბულას საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიაწოდა, 2017 წლის ორ კვარტალში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 1580 ქალია, მოძალადე კი 1557 კაცი.

ასევე შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 29 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ოჯახში ძალადობის შედეგად 20 ადამიანი მოკლეს.

უწყება არ მიუთითებს მათ შორის რამდენია ქალი. ტაბულას სამინისტროში უთხრეს, რომ ამისთვის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა საჭირო. თუმცა, მედიით გავრცელებული შემთხვევების დათვლის შედეგად, ცხადია, რომ მოკლულთა უმრავლესობა ქალია.
 
შსს-ს 2016 წლის სტატისტიკის მიხედვით, რეგისტრირებულ დანაშაულს შორის, ოჯახში ძალადობა მატებით მეორე ადგილზეა, ქურდობის შემდეგ.

2017 წლის 5 სექტემბერს გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში (CEDAW) საქართველოდან პირველი ფემიციდის საქმე გაიგზავნა, რომელი ეხება სახელმწიფოს უმოქმედობას თავიდან აეცილებინა ფემიციდი, ასევე, დანაშაულის არასრულყოფილ გამოძიებას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქმეში ამტკიცებს, რომ მსხვერპლის სიცოცხლის დასაცავად რეაგირება არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ მან პოლიციას 4-ჯერ მიმართა, მათ შორის მკვლელობამდე 4 დღით ადრეც.

ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლს ან თვითმხილველს ორ ნომერზე შეუძლია დარეკვა: 112 და 116 006 (საკონსულტაციო ცხელი ხაზი). ზარი უფასოა.
მას შემდეგ, რაც პოლიცია მიიღებს შეტყობინებას, მიდის შემთხვევის ადგილზე. მსხვერპლის უფლებების დაცვისა და მოძალადისთვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის მი ზნით,გამოიცემა შემაკავებელი ან/და დამცავი ორდერი.

დამცავ ორდერს პოლიციის მიმრთვის შემდეგ გამოიცემა პირველი ინსტანციის სასამართლო (მოსამართლე) გამოსცემს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირების შედეგად გამოცემული აქტი, რომლის შედეგი შეიძლება იყოს მოძალადის იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, იგი ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა; მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისგან გარიდება და/ან თავშესაფარში მოთავსება ნებაყოფლობით და ა.შ.

ორდერის გამოცემა შეიძლება მოითხოვოს თავად მსხვერპლმა, ასევე, მისი ოჯახის წევრმა, ან მსხვერპლის თანხმობით, პირმა, რომელიც მსხვერპლს უწევს დახმარებას.

სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლს უწევს შემდეგი სახის დახმარებას:
— ფსიქოლოგიური;
— იურიდიულ კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში წარმომადგენლობა;
— პირველად სამედიცინო დახმარება;
— თავშესაფრით მომსახურება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს სულ 2285 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა პუტინს ლეკვი, სახელად "ერთგული" აჩუქა

კომენტარები