საჯარო ფინანსები

რატომ ამბობს მთავრობა საკუთარი ანაზღაურების 20%-ით შემცირებაზე უარს [ვიდეო]

დღეს პარლამენტში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე დებატები გაიმართა. ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს დაუსვა კითხვა თანახმა იქნებოდა თუ არა ის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის შემთხვევაში საკუთარი ანაზღაურების 20%-ით შემცირებაზე, რაზეც კაკაურიძემ უარი განაცხადა. 

გიგა ბოკერიას თქმით, მთავრობის 1.7 მილიარდიანი სახელფასო ფონდის 20%-ით შემცირების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება პენსიების 50 ლარით მომატება, ან შესაბამისი მოცულობის თანხით გადასახადების შემცირება, რაც ათასობით ადამიანისთვის შემოსავლების ზრდას გამოიწვევდა, თუმცა მთავრობა საკუთარი კომფირტის ხარჯზე ამ ნაბიჯს არ დგამს.

გიორგი კაკაურიძის თქმით, კი მთავრობამ უკვე მოახდინა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, რაც ბიუჯეტის 6 თვის ანგარიშშიც არის ნაჩვენები. ნაერთი ბიუჯეტის მონაცემებით 2017 წლის 6 თვეში წინა წელთან შედარებით დაახლოებით 60 მილიონი ლარით არის მთავრობის სახელფასო ფონდი შემცირებული.

რაც შეეხება თავად გიორგი კაკაურიძის შემოსავლებს, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ 2016 წლის დეკლარაციაში შემოსავლის სახით 88 200 ლარი მიუთითა ეს კი ნიშნავს, რომ მინისტრის მოადგილემ 2016 წლის განმავლობაში დანამატის სახით 55 560 ლარი აიღო, რადგანაც მისი ყოველთვიური ხელფასი 2 720 ლარი წელიწადში 32 640 ლარს უდრის. ეს კი ნიშნავს, რომ მან ხელფასის მოცულობაზე დიდი ზომის დანამატი აიღო. 

 

კომენტარები