ბიუჯეტი 2017

ქუმსიშვილი: საქართველოში 900 მილიონ ღერს ეწევიან, აქციზის გაძვირებით 800-ს მოწევენ

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

"საქართველოში სამწუხაროდ ჩვენ ყოველწლიურად ვეწევით თითქმის 900 მილიონ ღერ სიგარეტს. აქციზის მატებით, ჩვენ რა ტრენდსაც ვუყურებთ მოწევა შემცირდება 800 მილიონ ღერამდე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ეს ნამდვილად აისახება", - ამბობს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი POSTV-ისთან მიცემულ ინტერვიუში.

თამბაქოს ნაწარმზე გაზრდილი აქციზის გადასახადი ძალაში 2017 წლის პირველ იანვარს შევიდა. გაძვირებამდე ფილტრიანი სიგარეტის კოლოფზე აქციზური მარკის ღირებულება 90 თეთრი იყო, გაძვირების შემდეგ კი აქციზი 1.7 ლარი გახდა.

ამავდროულად, 2017 წლის პირველი იანვრიდან ტონა ბენზინზე აქციზური მარკა გაორმაგდა და 500 ლარი გახდა. ტონა (1000 კილოგრამი) ბენზინი დაახლოებით 1330 ლიტრია, ეს კი ლიტრზე მხოლოდ აქციზის გამო 19-თეთრიან გაძვირებას ნიშნავს. 

ბიუჯეტის მიხედვით გადასახადების ზრდით შემოსავლები 518 მილიონით გაიზრდება

თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 190-200 მილიონი ლარით; მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდით - 45 მილიონი ლარით.

ბენზინზე, დიზელსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ ბუნებრივ აირზე აქციზის ზრდით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება -250 მილიონი ლარით.

ტოტალიზატორის ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადის 5%-იანი განაკვეთის 10%-მდე გაზრდით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 30 მილიონი ლარით.

40 ათას ლარზე მეტი შემოსავალის მქონე ფიზიკურ პირთა ავტომანქანების ქონების გადასახადით დაბეგვრის შედეგად საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 3 მილიონი ლარით.

კომენტარები