სოსო ოხანაშვილის ჩვენება

სოსო ოხანაშვილი: პატრიარქის ბინაში ტერორიზმში ბრალდებულები ცხოვრობდნენ

სოსო ოხანაშვილი

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პატრიარქის მცხეთის ქუჩაზე მდებარე სახლში ერთი წლის განმავლობაში თურქეთის მოქალაქეები ცხოვრობდნენ, რომლებზეც, თურქეთში ჩადენილი დანაშაულის გამო ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული. ტელეკომპანია ინფორმაციას სოსო ოხანაშვილის ჩვენებაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა 25 ივლისს სასამართლოში, ე.წ ციანიდის საქმის დახურულ სხდომაზე, სკაიპით მისცა. ოხანაშვილის ჩვენება რუსთავი 2-მა მოიპოვა. 

ჩანაწერის მიხედვით, ოხანაშვილი ყვება, რომ დაცვის სამსახურმა 2016 წლის აპრილში აღმოაჩინა, რომ პატრიარქის სახლში თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორიზმში, მკვლელობასა და ადამიანის გატაცებაში ბრალდებული 3 ადამიანი ცხოვრობდა. მისი თქმით, თურქეთის 3 მოქალაქე ილია მეორის კუთვნილ ბინაში პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის და საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, გიორგი ანდრიაძის დახმარებით ცხოვრობდა, პატრიარქს კი ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. 

"მე გავაგზავნე დაცვის ბიჭები ადგილზე და შემდეგ მათ მითხრეს, რომ კარი გაუღო ქალბატონმა და ერთმა კაცმა, ესენი იყვნენ თურქეთის მოქალაქეები. არ გველოდებოდნენ ჩვენ. ამათ გვითხრეს, რომ ჩვენ გიორგი ანდრიაძემ (გიორგი ანდრიაძეს შორენასთან განუყრელი მეგობრობა აკავშირებს და ერთად არიან წლებია), იმან იცის და პატრიარქმა იცის, აქ რომ ვართო. ბიჭებმა გამოართვეს მათ პასპორტების ასლები და მომიტანეს მე". 

ჩანაწერის მიხედვით, სოსო ოხანაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ შესაბამის ძალოვან უწყებებს მალევე შეატყობინა, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გამოძიება სოსო ოხანაშვილის ჩვენების საფუძველზე არც პროკურატურას დაუწყია, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა ჩვენება სასამართლო პროცესზე, მათ შორის პროკურორების თანდასწრებითაც მისცა. 

"რა თქმა უნდა, დავურეკე შესაბამის ორგანოებს. აქტიურად მეხმარებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და იქ შემავალი სხვადასხვა დეპარტამენტი. დავურეკე თბილისის სამმართველოს უფროსს და მას გადავუგზავნე მონაცემები. მან დამიდასტურა, რომ ესენი, სამწუხაროდ, არიან ტერორიზმში ეჭვმიტანილები, ერთ-ერთი თურქეთის ინტერპოლის მიერ მკვლელობის და ადამიანის გატაცების გამო იდევნება, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვაბრუნებთ, იმიტომ რომ თავშესაფარზე მოთხოვნა აქვს და კანონი აძლევს ამის უფლებას.

მოქალაქეობაზე რეკომენდაცია გაუწია გიორგი ანდრიაძემ და შემდეგ ერთმა პირმა. მე, რა თქმა უნდა, მივედი უწმინდესთან და სიტყვა-სიტყვით წავუკითხე, რაც მომწერა კონტრდაზვერვის უფროსმა. პატრიარქმა, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა და ძალიან შეწუხდა, მთხოვა, მიიღე ზომებიო, გამოვიდნენ იქიდანო, არ შეიძლებაო. იმ ღამესვე გადაიყვანეს ეს ადამიანები სხვაგან.

ერთ-ერთი ჩვენი დაცვის თანამშრომელი შეესწრო საუბარს, როდესაც შორენა პატრიარქს ეუბნებოდა, თქვენო უწმინდესობავ, მართალია, კაცი მოკლა, მაგრამ ისინი არინ ლაზები, აქ ხო არ მოუკლავს, თურქეთში მოკლა და ჩვენ ვინახავთო. პატრიარქი ამას არ ეთანხმებოდა და ეუბნებოდა, დამანებე თავი, არ შეიძლება ესე", - ამბობს სოსო ოხანაშვილი სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში. 

კომენტარები