პოლიტიკური აგიტაცია სკოლაში

ჯეჯელავა "ოცნების" დროშებზე: უხეში დარღვევაა, ენმ-ს კი, ამ თემაზე სალაპარაკო არ აქვს

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, სხეფის სკოლის პირველ კლასში ქართული ოცნების დროშების მიტანაზე მოკვლევა უკვე დაიწყეს. მისი შეფასებით, "ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ან უხეშ დარღვევასთან ან გამიზნულ მოქმედებასთან". განათლების მინისტრი ამბობს, რომ ეს ძალიან პრინციპული საკითხია და "სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი ან თუნდაც წესებიდან გადაცდომა". მისივე თქმით, "როგორც ვიცი, მასწავლებელი არ არის პარტიის წევრი".

ამასთან, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, "საინტერესოა", რომ ამ საკითხს ნაციონალური მოძრაობა აკრიტიკებს.

"მათ სკოლის პოლიტიზების პრაქტიკა შექმნეს. ენმ-ს ამ თემაზე სალაპარაკო ნამდვილად არ აქვს. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ის არის, რომ სკოლები სრულად თავისუფალია პოლიტიკური პროცესისგან და მომავალშიც ასე იქნება" - ამბობს ინტერპრესნიუსის ცნობით, განათლების მინისტრი.

შუახევის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა, მარინე დარჩიძემ სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად ფეისბუქზე ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ჩანს, რომ პირველი კლასის მოსწავლეებს ხელში "ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ. შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტის უფროსი ვარაუდობს, რომ სხეფის სკოლის მოსწავლეებმა "ქართული ოცნების" დროშები სკოლაში თავად მიიტანეს.


ფოტო: ტაბულა
ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, "დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება".

კომენტარები