აშშ-კუბას ურთიერთობა

ტილერსონი: აშშ კუბაში საელჩოს დახურვას განიხილავს

AFP

კვირას CBS-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ჰავანაში აშშ-ის საელჩოს დახურვა განიხილება.

მიზეზად საელჩოს თანამშრომლებზე ჯერ კიდევ დაუდგენელი საშუალებებით განხორციელებული თავდასხმები სახელდება.

"ზიანი, რაც კონკრეტულმა ინდივიდებმა მიიღეს ძალიან სერიოზული საკითხია" თქვა ტილერსონმა "ჩვენ ამ ხალხის ნაწილი სახლში დავაბრუნეთ. მიმდინარეობს გამოძიება."

საელჩოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის პრობლემებზე ჩივილი 2016 წლის ბოლოს დაიწყეს. მათი სიმპტომები შემდეგია: სმენის დაქვეითება, მეხსიერების დაქვეითება, თავბრუსხვევა და გულისრევა. ეს სიმპტომები დღემდე ოცზე მეტ თანამშრომელს გამოუვლინდა. უკანასკნელი შემთხვევა 21 აგვისტოს დაფიქსირდა.

წყარო ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ოფიციალური ვაშინგტონი მიზეზად „აკუსტიკურ თავდასხმას“ ასახელებს. ოფიციალური წარმომადგენლების თქმით თანამშრომლების ჯანმრთელობაზე გავლენა ამ დრომდე დაუდგენელი ხმოვანი აპარატით მოახდინეს. კუბა თავდასხმებში მონაწილეობას უარყოფს.

ჰავანაში აშშ-ის საელჩო 2015 წლიდან მოქმედებს. თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ კუბასთან მიმართებაში გატარებული პოლიტიკის ნაწილს შემოაბრუნებს. მან ივნისში კუბაზე მოგზაურობასა და ბიზნესის წარმოებაზე შეზღუდვების დაწესებაზე ისაუბრა, თუმცა ისიც განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა კუბასთან და დახუროს საელჩო ჰავანაში.

ტილერსონის აზრით ობამას მიდგომისაგან სარგებელი კუბის მთავრობამ მიიღო ისე, რომ არ შეცვლილა მათი ქცევა და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მხრივ არსებული სიტუაცია.

კომენტარები