პოლიტიკური აგიტაცია სკოლაში

სკოლის დირექტორი: დროშები მასწავლებელს არ მოუტანია, ფოტოს გავრცელებას ძალიან ნანობს

ტაბულა

შუახევის მუნიციპალიტეტის სხეფის სკოლის დირექტორის ინფორმაცით, სკოლაში "ქართული ოცნების" დროშები მასწავლებელს არ მიუტანია.

ოთარ დავითაძე ტაბულასთან ამბობს, რომ სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა ამ საკითხზე უკვე იმსჯელა და გადაწყვეტილება 4-5 დღეში იქნება.

"მოხდა დაუდევრობა, მაგაზე ჩვენ ძალიან მკაცრად ვიმსჯელეთ. დავკითხეთ მასწავლებელიც და ალბათ 4-5 დღეში იქნება რეაგირება და გაიგებთ პასუხს. დროშები მასწავლებელს არ მოუტანია. ამბობს ბავშვებს ჰქონდათ და გადავიღე პირველკლასელები, ასე თუ მოხდებოდა ვერც კი წარმომედგინაო. ძალიან ნანობს, არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის", - ამბობს სკოლის დირექტორი.

მისივე თქმით, სკოლაში პოლიტიკური აგიტაცია არ ხდება.

"ათი წელია სკოლაში ვმუშაობ და პოლიტიკურ აგიტაციას ადგილი არ ჰქონია, სკოლის გარეთ რა ხდება არ ვიცი", - ამბობს დავითაძე ტაბულასთან.

შუახევის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა, მარინე დარჩიძემ სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად ფეისბუქზე ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ჩანს, რომ პირველი კლასის მოსწავლეებს ხელში "ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ.

შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტის უფროსი ვარაუდობს, რომ სხეფის სკოლის მოსწავლეებმა "ქართული ოცნების" დროშები სკოლაში თავად მიიტანეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ ფაქტი უხეში დარღვევაა, თუმცა ენმ-ს "ამ თემაზე სალაპარაკო ნამდვილად არ აქვს".

აჭარის ა/რ განათლების სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მინისტრი დღის განმავლობაში აუცილებლად გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, ასეთ შემთხვევებში თავდაპირველად რეაგირება უნდა მოახდინოს სკოლის დირექტორმა დისციპლინურ კომიტეტთან ერთად, შემდეგ კი განათლების სამინისტრომ.

ზოგადი განათლების შესახებ საქართველო კანონის მიხედვით, "დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება".

კომენტარები