ბიუჯეტი 2017

ქუმსიშვილი: სწორი გადაწყვეტილებით, აქციზი გავზარდეთ მაშინ, როცა ნავთობი იაფია

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

"ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად დროული და სწორი, იმტომ რომ ჩვენ აქციზი გავზარდეთ მაშინ, როდესაც ნავთობის ფასი არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მსოფლიოში. და შესაბამისად ჩვენ მივეცით ჩვენ ქვეყანას შესაძლებლობა იმისა, რომ ის განსხვავება რომელიც არსებობს ნავთობის ფასში რეალურად მოხდეს ამ განსხვავების გენერირება სახელმწიფო ბიუჯეტში და შემდეგ მოხდეს ამის გადანაწილება სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ სახელმწიფო საჭიროებებზე რომელიც ჩვენს წინაშეა", - ამბობს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი POSTV-ისთან მიცემულ ინტერვიუში.

2017 წლის პირველი იანვრიდან ტონა ბენზინზე აქციზური მარკა გაორმაგდა და 500 ლარი გახდა. ტონა (1000 კილოგრამი) ბენზინი დაახლოებით 1330 ლიტრია, ეს კი ლიტრზე მხოლოდ აქციზის გამო 19-თეთრიან გაძვირებას ნიშნავს. ბენზინზე, დიზელსა და ავტოგაზზე აქციზის გაძვირებით ბიუჯეტი წელს 250 მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს.

ამავდროულად, 2017 წლის პირველ იანვარს ძალაში შევიდა თამბაქოზე გაზრდილი აქციზი. გაძვირებამდე ფილტრიანი სიგარეტის კოლოფზე აქციზური მარკის ღირებულება 90 თეთრი იყო, გაძვირების შემდეგ კი აქციზი 1.7 ლარი გახდა. ბიუჯეტის მიხედვით გადასახადების ზრდით შემოსავლები 518 მილიონით გაიზრდება

თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 190-200 მილიონი ლარით; მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდით - 45 მილიონი ლარით.

ტოტალიზატორის ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადის 5%-იანი განაკვეთის 10%-მდე გაზრდით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 30 მილიონი ლარით.

40 ათას ლარზე მეტი შემოსავალის მქონე ფიზიკურ პირთა ავტომანქანების ქონების გადასახადით დაბეგვრის შედეგად საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 3 მილიონი ლარით.

კომენტარები