სოსო ოხანაშვილი ჩვენება

პროკურატურა ოხანაშვილის ჩვენებაზე: ორი ძებნილი თურქეთის თხოვნით დავაკავეთ

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ პირები, რომლებიც, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის ინფორმაციით, ილია მეორეს სახლში ცხოვრობდნენ, 2016 წელს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის დააკავეს.

ამასთან, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ისინი 2014 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად ცხოვრობდნენ.

"2014 წელს, თურქეთის მოქალაქეებმა, მ. ზ. - მ და ა. ნ. - მ, ოფიციალურად გადმოკვეთეს საქართველოს  სახელმწიფო საზღვარი და ლეგალურად ცხოვრობდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველოში ყოფნის პერიოდში აღნიშნული პირების, ან მათთან კავშირში მყოფი, საქართველოში მცხოვრები ადამიანების მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. ამდენად, გამოძიება შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან არ დაწყებულა. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე, ვინაიდან მ. ზ. და ა. ნ. იძებნებოდნენ შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის, საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა ისინი დააკავეს 2016 წელს და მოახდინეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებული პროცედურების განხორციელების შედეგად, ერთი პირი ექსტრადირებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო მეორე პირის მიმართ ამჟამადაც მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები", - უთრეს ტაბულას საქართველოს პროკურატურაში.

შეგახსენებთ, პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილი ე.წ. ციანიდის საქმის დახურულ სხდომაზე ყვება, რომ დაცვის სამსახურმა 2016 წლის აპრილში აღმოაჩინა, რომ პატრიარქის სახლში თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორიზმში, მკვლელობასა და ადამიანის გატაცებაში ბრალდებული 3 ადამიანი ცხოვრობდა. მისი თქმით, თურქეთის 3 მოქალაქე ილია მეორის კუთვნილ ბინაში პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის და საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, გიორგი ანდრიაძის დახმარებით ცხოვრობდა, პატრიარქს კი ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

ოხანაშვილის ჩვენება რუსთავი 2-მა მოიპოვა.

გიორგი ანდრიაძემ აღნიშნულ ინფორმაციას "სპექტაკლის ახალი ეტაპი" უწოდა. მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებზეც სოსო ოხანაშვილმა ჩვენებაში ისაუბრა, არიან ლაზები, რომლებსაც უყვართ საქართველო და ხშირად ჩამოდიან ქვეყანაში. მისივე განცხადებით, ეს ადამიანები საქართველოში ლეგალურად და ოფიციალურად შემოვიდნენ, პრობლემები კი მას შემდეგ შეექმნათ, რაც "თურქეთში დემოკრატიული ჯგუფების დევნა დაიწყო". ანდრიაძე ამბობს, რომ ის ”ლაზურ პროექტს” ხელმძღვანელობს, რომლის ფარგლებშიც პატრიარქის სახლში სისტემატურად ლაზები ჩამოდიოდნენ. თუმცა, მისი თქმით, პატრიარქის მდივანს, შორენა თეთრუაშვილს ”ლაზურ პროექტთან“ შეხება არ ჰქონია. 

კომენტარები