მიანმარი

აუნ სან სუ ჩი: მიანმარს საერთაშორისო გამოძიების არ ეშინია

Getty

მიანმარის სახელმწიფო მრჩეველმა და დე ფაქტო ლიდერმა აუნ სან სუ ჩიმ სიჩუმე დაარღვია და სატელევიზიო გამოსვლაში ქვეყანაში მიმდინარე კრიზისზე ისაუბრა. სუ ჩის თქმით მან იცის, რომ მსოფლიოს ყურადღება რაკჰაინის რეგიონში არსებული სიტუაციისკენაა მიმართული და რომ მიანმარს არ ეშინია საერთაშორისო გამოძიების. მიუხედავად მისი ამ განცხადებისა დღემდე მიანმარის მთავრობა უარს აცხადებს გაეროს მისიებთან და კონფლიქტურ რეგიონზე წვდომას უზღუდავს გაეროს გამომძიებლებს და ჰუმანიტარული მისიების წარმომადგენლებს.

აუნ სან სუ ჩიმ ისაუბრა მიანმარის დემოკრატიის სიმყიფეზე და ხაზი გაუსვა, რომ დიდი ხანი არ არის რაც მისი პარტია ხელისუფლებაში მოვიდა. სუ ჩის თქმით მათ ჯერ კიდევ დასადგენი აქვთ რა არის რეალური პრობლემა რაკჰაინის პროვინციაში. "ჩვენ უნდა დავადგინოთ რატომ ხდება მასობრივი გაქცევა ქვეყნიდან. ჩვენ გვსურს ვესაუბროთ მათ, ვინც გაიქცა და მათაც, ვინც დარჩა" თქვა მან.

სუ ჩიმ თავის გამოსვლაში ზოგადად მუსლიმებზე ისაუბრა და როჰინჯას სახელი მხოლოდ როჰინჯას ხსნის არმიასთან მიმართებაში ახსენა, რომლებიც მან ტერორისტულ აქტებში დაადანაშაულა.

სუ ჩის თქმით რაკჰაინის მუსლიმების 60% რეგიონში რჩება და მტკიცება, რომ ეთნიკური წმენდის გამო ნახევარზე მეტი ქვეყნიდან გაიქცა სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია როჰინჯას მუსლიმების მდგომარეობა, რომელთა წინააღმდეგაც არის მიმართული ქვეყანაში განვითარებული ძალადობა. კონფლიქტის დაწყებამდე მათი რაოდენობა რეგიონში დაახლოებით ერთ მილიონს შეადგენდა. 25 აგვისტოს შემდეგ ქვეყნიდან 400,000 როჰინჯა მუსლიმი გაიქცა.

კომენტარები