იოსებ მაკრახიძე

გორის მაჟორიტარის კომპანიამ ბიუჯეტიდან 79.2 მილიონი ლარი მიიღო

0 კომენტარი
ფოტო: ick.ge

გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის კომპანია "იბოლიამ" გასული ექვსი წლის განმავლობაში 79.2 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო, ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევიდან გახდა ცნობილი. 

მეტიც, მაკრახიძის კომპანია ბიუეჯტისგან ფულს მაშინაც მიიღებს, როდესაც ის დეპუტატი იქნება. გზების დეპარტამენტის დაკვეთით, "იბოლია" 2016-2020 წლებში შიდა ქართლში საგზაო სამუშაოების შესრულებისთვის ბიუჯეტიდან 27.5 მილიონ ლარს მიიღებს. ეს კი იმ ფონზე, როდესაც მაკრახიძეს 2016 წელს სახელმწიფო თაღლითობასა და გაფლანგვას ედავებოდა, თუმცა საბოლოოდ მაკრახიძისთვის პროცესი ამნისტიით დასრულდა.

იბოლიას შესახებ:

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 1995 წელს დაფუძნებული კომპანია "იბოლიას" მოქმედი დირექტორი გოდერძი მიქავაა, არჩევნებამდე კი მას თავად მაკრახიძე ხელმძღვანელობდა. მაკრახიძე "იბოლიას" 40%-იან წილს ფლობს, დანარჩენი წილები კი მის ნათესავებზე (ოფელია მაკრახიძე, მარინა მაკრახიძე) აქვს რეგისტრირებული. 

თაღლითობის ბრალდება და ამნისტია

იოსებ მაკრახიძეს სახელმწიფო 2012-2014 წლებში ტენდერების მიღება-ჩაბარების აქტებში გაკეთებული ფინანსური მაქინაციებისთვის ედავებოდა, რის შედეგადაც ბიუჯეტმა 80 ათასი ლარით იზარალა. 

2016 წლის 22 აპრილის სასამართლო განჩინებაში წერია, რომ შპს "იბოლიას" დირექტორმა მიღება-ჩაბარების აქტებში არასწორი მონაცემები შეიტანა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, სახელმწიფო თანხების მითვისება განიზრახა. იმავე დოკუმენტის მიხედვით, იოსებ მაკრახიძემ 2012 წლის სექტემბერში, 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერსა და 2014 წლის მარტში უკანონოდ მიითვისა 79 450 ლარი, რის გამოც სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის, მესამე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების მიხედვით ბრალი წარედგინა, რაც თაღლითობას, ანუ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას და მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევას გულისხმობს.

ამის შემდეგ, 2016 წლის 22 ივლისს, საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე, მაკრახიძის უფლებების დამცველმა 2012 წლის 28 დეკემბერს და 2016 წლის 24 ივნისს გამოცემული ამნისტიის შესახებ კანონების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სამივე ეპიზოდში სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვა, რისი მიზეზიც მაკრახიძის ასაკი იყო. ამნისტიის კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულმა დანაშაული 2015 წლის 31 დეკემბრამდე ჩაიდინა და ამ მომენტისთვის ის 70-ს გადაცილებულია მასზე შეიძლება ამნისტია გავრცელდეს. 

ინდმეწარმის სტატუსი და ქონებრივი დეკლარაცია:

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მონაცემებით, მაკრახიძეს ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული. მაკრახიძეს არ აქვს მითითებული წილები კომპანია "ლამურსა და "რიკოთში", ასევე არ აქვს მითითებული დირექტორის სტატუსი შპს "იმედში". ეს კი კანონდარღვევას წარმოადგენს. 

მაკრახიძემ 2016 წელს 829 ათასი ლარი გამოიმუშავა. საჯარო რეესტრში ის დღემდე ინდმეწარმის სტატუსით არის რეგისტრირებული. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები