ქართული ოცნება

ოცნების მაჟორიტარს ბიზნესის პოლიტიკისგან გამიჯვნა "სრულ იდიოტიზმად" მიაჩნია

საქართველოს პარლამენტი

ბიზნესის პოლიტიკისგან გამიჯვნა "სრულ იდიოტიზმად" მიაჩნია PSP-ს დამფუძნებელსა და ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატ კახა ოქრიაშვილს. 

"ვინც ამას ამბობს არის სრული იდიოტი", - GBC-ისთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს ოქრიაშვილი.

"პარლამენტარი აუცილებლად ღატაკი უნდა იყოს და ბუტკაში ცხოვრობდეს? რას ნიშნავს ინტერესთა კონფლიქტი?" - კითხულობს ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული ოქრიაშვილი. 

ოქრიაშვილის შემოსავლის მთავარი წყაროა ლუდის ქარხანა "ზედაზენი" ქვეყანაში უმსხვილესი სააფთიქაო ქსელი "PSP ჰოლდინგი", საავადმყოფოები და სადაზღვევო კომპანია.

ოქრიაშვილის კომპანიები ტენდერებში აქტიურად იღებენ მონაწილეობას. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გასული 6 წლის განმავლობაში ჩატარებული ტენდერები შეისწავლა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მათ 112.7 მილიონი ლარის შემოსავალი აქვთ ბიუჯეტიდან მიღებული. 

უფრო კონრეტულად კი "PSP ფარმას" 43 მილიონი ლარის ტენდერები, "PSP დაზღვევას" კი 68 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. მეტიც, კახა ოქრიაშვილის კომპანია პარლამენტის ავტოპარკსაც აზღვევს, კომპანიამ წელს პარლამენტის ავტომობილების დაზღვევის 157 ათასიანი კონტრაქტი მოიგო. მას შემდეგ რაც ოქრიაშვილი მეცხრე მოწვევის დეპუტატი გახდა PSP დაზღვევამ შსს-ში 16.6 მილიონიანი ტენდერი მოგიო.

ოქრიაშვილმა 2016 წელს 20.6 მილიონი გამოიმუშავა, საიდანაც 5 მილიონი დახარჯა

კახა ოქრიაშვილის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2016 წელს ის მთელი 15.7 მილიონი ლარით გამდიდრდა.

2016 წელს "PSP ფარმამ" ოქრიაშვილს დივიდენდის სახით 17 400 000 ლარი გადაუხადა. ამასთავანე დეპუტატმა წარსულში გაცემული სესხებიდან მიიღო ჯამში 3.1 მილიონის შემოსავალი. ოქრიაშვილმა ასევე მიიღო 29 052 ლარის დივიდენდი კომპანია "ელექტრონიკა 94"-დან, ასევე 71 414 ლარი უძრავი ქონების გაქირავებიდან. ამას დაერთო ოქრიაშვილის მიერ დეპუტატობისას აღებული ხელფასი 64 458 ლარის ოდენობით, რაც ჯამში 20 მილიონ 696 ათასი ლარია.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ოქრიაშვილმა ამ თანხიდან 5 მილიონი ლარი გადარიცხა PSP-ში, რითიც კომპანიის საწესდებო კაპიტალი გაზარდა.

ოქრიაშვილი პარლამენტში 2004-2008 და 2008-2012 წლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, 2012-2016, 2016-დღემდე კი ოცნების მაჟორიტარია.

ოქრიაშვილი ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია, აგვისტოში მისმა კომპანიებმა კალაძის კამპანია 120 000 ლარით დააფინანსეს. 2012 წლამდე ოქრიაშვილი შემოწირულობებს ნაციონალურ მოძრაობას აძლევდა.

ოქრიაშვილი დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრია, წარსულში კი ის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უწევდა რეგულაციების მომზადება იმ სექტორისთვის, რომლის უმსხვილესი მოთამაშეც თავად იყო, ეს კი ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს შეიცავს.

კომენტარები